Wednesday, May 13, 2009

თქვენ იტყუებით!

“რაც უფრო საშინელი ხდება სამყარო,
მით უფრო აბტრაქტული ხდება ხელოვნება”.
ვ. კანდინსკი

გადაუხადეს ბევრი. იმისთვის რომ ორი თვე უპატრონო ბავშვთა სახლში ეცხოვრა და ეხატა ყველაფერი: ბავშვების და მასწავლებლების პორტრეტები, ოთახების ინტერიერები, მათი შემომსაზღვრავი გარემო, იქ გამართული თამაშობები, ცელქობები... ისიც იდგა თავის მოლბერტთან და გულდასმით აღბეჭდავდა იმას, რაც ხდებოდა იქ, ყველაზე უსახურ, ყველაზე მიგდებულ და ღარიბ ბავშვთა სახლში.
გადაუხადეს ბევრი და აი, ახლა დიდი კომისია, დიდი გულისყურით არჩევდა ამ ნახატებიდან საუკეთესოს. მერე მოვიდა ის – მაღალი, გამხდარი, ჩაჩაჩული, ძველი, ბევრ ჯიბეებიანი ჯინსის შარვლით, ჭუჭყიანი ფეხსაცმლით, უკუღმა დაფარებული კეპით. პროფესიით იყო ხელოვნებათმცოდნე, ამ პროფესიის მეცნიერებს შორის გულზე არავის ეხატებოდა, მაგრამ ვერც იმას ბედავდნენ, ამ ტიპის თავყრილობებზე მისთვის მოსვლა დაეშალათ. ჰოდა, მოვიდა. დადგა შუა დარბაზში და ყველა სურათი აკრიფა მზერით. აცალა გამომსვლელებს. მერე ავიდა ტრიბუნაზე, რომელსაც ვერ იტანდა, მაგრამ ხმის მიწვდენის არაუშავს-რა საშუალებად მიაჩნდა და გამოსვლა დაიწყო ფრაზით: _ თქვენ იტყუებით! ეს არ არის ის, რაც ხდება იქ, ყველაზე უსახურ, მიგდებულ და ღარიბ ბავშვთა სახლში. ჩვენ რომ ბავშვების ნაკვთების დაფიქსირება ან სხვა ინვენტარის ზუსტი ასლი გვდომოდა ფოტოგრაფს გავუშვებდით. თქვენ გაგიშვეს იქ იმიტომ, რომ გეჩვენებინათ უპატრონო ბავშვის უბედურება, უდედმამობის ტკივილი, უქონლობის სევდა... სად არის ეს ყველაფერი?!. ვინ დაიბრმავებს თვალს და ვინ იტყვის, რომ იქ, იმ საშინელ გარემოში ასე მწვანედ ახასხასებულ მინდორზე, ასე უზრუნველად თამაშობენ ფუმფულა, ლოყებაწითლებული ბევშვები, ბედნიერი სახეებით, თმადავარცხნილები, სუფთა სამოსებში გამოწკეპილები. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს, რომ რეალისტური მხატვრობა მოკვდა. მას თავის დროზე ბედნიერი ცხოვრება წარმოშობდა. ახლა ხელოვნების ყველა ნაწარმოები ვალდებულია ყვიროდეს ფრაზას: “აი, რა ხდება!” თქვენი ნამუშევრები თვალთმაქცობენ, მათი დათვალიერების შემდეგ ვის გაუჩნდება სურვილი, მცირე მაინც გაიღოს ობოლი ბავშვისთვის? ისინი კლავენ თანაგრძნობის განცდას. როგორ შეგიძლიათ ხატოთ ასე, მაშინ, როცა იხრწნება სამყარო?!. შედით მის მდგომარეობაში, ასე მაინც ჩაიცვით, ჩემსავით... ეს არის დღევანდელი მსოფლიოს სახე. ისუნთქეთ ჩქარა, თორემ ეპოქა ისე ჩაგიფრენთ გვერდით, რომ ვერ გაიგებთ, რა ხდება, რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს? მაგრამ, ალბათ, ალბათ... არც არის აუცილებელი!.. _ ის ტრიბუნიდან ჩამოვიდა, რომელსაც ვერ იტანდა, მაგრამ ხმის მიწვდენის არაუშავს-რა საშუალებად მიაჩნდა, წავიდა სწრაფად, უკან არ მოუხედავს და მხატვარმა თქვა: - მე მივხვდი!

No comments:

Post a Comment