მანქანას არ უნდა ეფერო! დიდი “კლუჩით” უნდა აუწიო ყური ან რამე სხვა უფრო სერიოზული ნაწილი. ხოლო სანამ “კლუჩამდე” და წყლის ადუღებამდე მივა საქმე, ზუსტი წესების დაცვით უნდა მოეპყრა. რას იზამ, მექანიზმია. მანქანა არ გპატიობს ემოციის მოჭარბებას...
ამბობენ იმ ნივთს, რომელსაც ატარებ შენი აურა ედებაო. აურა არ ვიცი, მაგრამ მძღოლის ეკონომიური მდგომარეობა ნამდვილად ზედ აწერია. ხშირად ტემპერამენტიც... რა ძნელი შესამჩნევია, რომ ძალიან ტემპერამენტიან და ნერვიულ ადამიანებს, შიგადაშიგ შეთეთრებული, დაკაწრული მანქანები ჰყავთ. ზოგჯერ მძღოლის პირისახე ძალიან გავს მანქანისას. ხშირ შემთხვევაში კი ისინი ამ ჭრილობებს ერთდროულად იღებენ...
ბახ!...
და მძღოლი საავადმყოფოში მიჰყავთ, მანქანა პროფილაკტიკაში. გარკვეული მკურნალობის შემდეგ, ისინი ერთდროულად ეჩვევიან ნელა სიარულს. მძღოლი, რა ხერხებით აღარ, ბოდიშებს უხდის მანქანას, ასეთ დღეში რომ ჩააგდო. თუ მანქანამ ძველებურად რიტმულად განაგრძო სიარული, ესე იგი მძღოლს აპატია ეს შეცდომა, თუ გრუხუნი ატეხა და ჭირვეულობას მოუმატა, ესე იგი, მძღოლს არ გაუმართლა. მისი მანქანა მასავით ნერვიული და თან დიდი ბოღმის ბუკეტია; დიდი ხნით ჩაიდო წყენა გულში და მხოლოდ დიდი ფულის შეთავაზებით და მკურნალობის სრული კურსის ჩატარებით თუ გამოისყიდის დანაშაულს თავისი ერთგული მეგობრის წინაშე.
მანქანა, როგორც უფრო თანამედროვე გამოგონება (ვიდრე ადამიანი), შედარებით უკომპლექსოა. ის გადამუშავებულ საკვებს სადაც უნდა და ვისაც უნდა, იქ და იმას აბოლქვებს. დღეს ყველაზე “კაი ბიჭი” ჭუჭყიანი მანქაანა. ტალახი ეს სერიოზული “კოზირია.” არა, ვერ ვიტყვი ყველა ასეთია მეთქი... ზოგი, უფრო ცხოვრებაჩამორჩენილი, რომელიმე პატარა ბიჭს დაუძახებს ქუჩაში და სთხოვს “გამრეცხე” დამაწერეო. ბიჭიც არ დაიზარებს და დააწერს. მერე ამ თითს პირში ჩაიდებს და დიზენტერია დაემართება...
მანქანა ამას ვერ გაიგებს, სამაგიეროდ მძღოლს ჩაეცინება “გამრეცხეს” დანახვისას და დაბანს მანქანას. მერე ვიღაცას მოეწონება, თავზე ხელს გადაუსვამს: - უი, რა სიმპათიური მანქანააო ... და ისიც იმისთანა წივილ-კივილს ატეხს ერთი ხელის მიკარებისთვის, რომ შეყრის მთელ ქვეყანას...
ამიტომ არ მოეფროთ მანქანას!.. მაქსიმალურად მოიხმარეთ... ის ხომ მეოცე საუკუნეში, მონის შრომის მაგივრობას წევს.
Tuesday, May 5, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment