Wednesday, May 13, 2009

პარალელური ხაზები

ის იყო მშვიდი, როგორც წყალი დაგუბებისას, როგორც ხეები თოვლით დაფარული, როგორც თვალები სევდიანი... ის მიდიოდა ქუჩაში ღიმილიანი სახით, ის მიდიოდა წყნარი ნაბიჯით და ვერ ამჩნევდა როგორ ივსებოდა ქუჩა მის გარშემო ხალხით... გრძელენიანი ხალხით, ცრუყურიანი ხალხით, თვალბოღმიანი ხალხით, ხალხით უცნაურით, რომელიც არ პასუხობდა მის ათი ათას „გამარჯობას“, რომელიც რომელიც დასცინოდა მის ცეკვას ყოველი მუსიკის გაგონებაზე... ის კი იდგა და ხელებს შლიდა, ნატიფ თითებს ატრიალებდა ჰაერში, ისისნი კი რთავდნენ მუსიკას, რომ მას ცეკვა შეეწყვიტა, რომ აღარ ეყვირა: _ სიცოცხლე ბედნიერებააა! და შეეტყუებინათ გრძელ, ამაზრზენ მანქანაში, რომელმაც მას ამ თეთრ კედლეს შორის ამოაყოფინა თავი... და მე მივსდევდი ამ მანქანას და მომყვებოდა უკან ბოროტი ქუჩის ხმაური, ქუჩა იყო გველი და ჩამსისინებდა ყურებში და მე არ მინდოდა სისინის გაგონება, მე მინდოდა გალობა ბულბულისა, რომელიც იჯდა მანქნაში და მიჰყავდათ... ის ჩემსკენ იშვერდა ხელებს, ხელები ფრთბი იყო ზეცისკენ შემართული, მე კი დავეცი და თალახში დაისვარა ჩემი ხელები მისკენ გაწვდიდილი... და მე მრცხვენოდა შენი, როგორ მოგწვდებოდი ამ ტალახის შემდეგ, შენ უმანკოს და მე გამახსენდა ჩვენი ცეკვა წვიმაში... ის სხვა ტალახი იყო, შენი ფეხის ანაბეჭდებით განწმენდილი, შენი ბედნიერებით ხელდასხმული... და მე ავტირდი და ვტირი ახლაც აქ შენს გვერდით. ცრემლები არ ჩანს მაგრამ შენ გრძნობ, რომ ეს სხვა ცრემლებია და ერთ დღეს, როცა გეტყვიან: ცრემლის შეგუბებით გარდაიცვალაო, შენ მოხვალ ჩემს საფლავზე და მიხვდები რომ აქ არის ჩემი ადგილი, ეს არის ჩემი გარემო სადაც შენ ყოველთვის გემძიმებოდა ყოფა...
ასე უხსნიან შეშლილები საგიჟეთში სიყვარულს ერთმანეთს, მერე ექიმები წვავენ ამ ნაწერებს და გიჟის რეაქციას დიმედროლით აღშობენ.

No comments:

Post a Comment