იყო ერთი კაცი, რომელსაც მშობლები მკვდარი ჰყავდა, ცოლი და შვილებიც მკვდარი ჰყავდა და მეგობრებიც... და თვითონ ცხოვრობდა მაინც...
ის ყოველდღე დგებოდა საკუთარი ჩრდილის გვერდით და ამბობდა: -გამარჯობა, რა ვიცი, მე კარგად შენ?.ხო, წავიდეთ სამუშაოდ, უმაქნისობა ბნელ აზრებს ბადებს... და ამის შემდეგ წავიდოდა კაცი ჩრდილთან ერთად, შემოივლიდა ქალაქის ქუჩებს, შეაგროვებდა გადაყრილ ბოთლებს და ჩანაბარები ბოთლების ფულით იყიდდა პურს, გატეხავდა შუაზე, ნახევარს ჩრდილს ჩაუდებდა მუჭში, ნახევარს თვითონ დაიტოვებდა. მოფრინდებოდნენ მტრედები და ნისკარტებით კენკავდნენ პურს ჩრდილის ხელიდან და კაცის ხელიდანაც... და გრძელდებოდა ასე მთელ ზამთარს და გაზაფხულზე, როცა ერთ დღეს, კაცმა ჩვეული რიტმით მოირბინა ქალაქი და ვერც ერთი ბოთლი ვერ იპოვნა, თქვა:_ აი, მოსულა დრო ჩემი სიკვდილისა! _ და როცა დაწვა და დაიძინა, მიცოცდა მასთან გველი და უკბინა მკლავზე, მოუწამლა სისხლი და მოკლა ის.
ამ კაცის საფლავი არ შემოუღობავთ, არც რაიმე ნიშანი დაუდგამთ მასზე. ერთი ხე ამოვიდა თავისით, რომელიც ჩრდილს სცემდა საფლავს, მის ქვეშ, მზიან ამინდებში ბიჭები იკრიბებოდნენ და ღვინოს სვამდნენ, ისე, რომ არც იცოდნენ საფლავის არსებობის შესახებ, ქეიფის შემდეგ დარჩენილ ღვინის ბოთლებზე მტრედები სხდებოდნენ და კენკავდნენ პურის ნამცეცებს, გველი კი იქ არასოდეს მისულა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment