"ცივი დო
ცივი რე
ცივი მი
ცივი ფა
ცივი სოლ
ცივი ლა
თბილისი."
დ. ევგენიძე
_ არ მიყვარს თვითმფრინავი, ის რომ არ არსებობდეს, მგზავრობა უფრო ხანგრძლივი, შესაბამისად მრავალფეროვანი და თამამი ნაბიჯი იქნებოდა. საერთოდაც, წახვიდოდი იქ, ვის ან რის სანახავადაც არ გენანება დრო და ენერგია... ვის ან რის უნახავადაც არ გინდა სიცოცხლეც კი... ეჰ, რა რომანტიული იქნებოდააა... შეყვარებულები გამოცდებსაც კი მოუწყობდნენ ერთმანეთს:
გოგონას ფიქრები: თუ ის მე საქართველოდან აქ, ამ ალპებში ჩამომაკითხავს, დავიჯერებ, რომ ჭკუას კარგავს ჩემზე, რამდენი უნდა იწვალოს საწყალმა: ჯერ აიღოს შვებულება ერთი თვით, ჩავიდეს თურქეთში ავტობუსით, იქიდან მატარებლით ზღვამდე, ზღვიდან გემით ნაპირამდე, ნაპირიდან ისევ მატარებელი, ავტობუსი.... არა, არა, სჯობს ორი თვით აიღოს შვებულება...
ბიჭის ფიქრები: ცხრა მთას გადავივლი მისი გულისთვის, ყველაფერს მივაგდებ და წავალ "თუ ის ძველებურად დგას და მე პაემანზე მელის"...
ჯანდაბასაც წაუღია ეკონომიკის აღმასვლა და დიპლომატიური ურთიერთობების გამყარება, ისინი ადამიანს ბედნიერებას ართმევენ, აუხდენელ ოცნებებს აღარ უტოვებენ..... _ ამას ვექაქანებოდი მთელი გზა თვითმფრინავში ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს, რომელსაც ჩემს გაცნობამდე სიგიჟემდე უყვარდა თვითმფრინავი და არც კი იცოდა რატომ?.. რაც იმას ასაბუთებს რომ ტყუილია ფრაზა, რომელიც სხვაგვარად გამოთქმის მაგრამ ასეთ შინაარს ატარებს თან: "გიყვარს ის რაც იცი!" მე ახალა მხოლოდ ის ვიცოდი რომ თბილისი მიყვადა, ვბრუნდებოდი ჩემს ქალაქში და როგორც არასდროს ვგრძნობდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა, ისე უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე, არაფრის ან ყველაფრის გამო. არც კი ვიცი თბილისი როგორია?.. სხვადასხვაგვარია ყველგან, თუ არ გჯერათ გეტყვით, რომ მსოფლიოში არსებობს ორი ქალაქი სადაც გვრდიგვერ მდებარეობს: სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები _ სარაევო და თბილისი. უცხოელებს ისიც აკვირვებთ რომ თბილისი საშინლად გვიან იძინებს და ასევე საშინლად ადრე იღვიძებს, თუმცა მათ არ იციან რა "სიბნელეა" ამ დროს გარეუბნებში, ისინი როგორც წესი ცენტრალურ ქალაქში მტკვრის სანაპიროს გასწვრივ მოძრაობენ. მდინარე მტკვარი მათთვის ჩვეულებრივი ჭუჭყიანი წყალია, რაც დიდად არც უკვირთ, რადგან თბილისი ჯერჯერობით ეკოლოგიურად ევროპის ერთ-ერთ ბინძურ ქალაქადაც ითვლება. მაგრამ ჩემთვის ეს მდინარე მხოლოდ H2O არ არის. ის ჭუჭყიანი კი არა უბრალოდ ბევრის დამტეველი მტკვარია, რომელიც ბარათაშვილის ფიქრებს და ტივებზე მოქეიფე ყარაჩოღელთა განწყობას ითავსებს და კიდევ გვამებს, თუნდაც ჯალალედინის მიერ დახოცილი 100000 ქართველისას და კიდევ მწუხარებას ამ გვამებზე მოტირალი ქალებისას, სახლებს და ნივთებს ადიდების დროს მოპარულს... ღმერთო, რა ამბავია: _ ამ წყალში დაჭერილ თევზსაც კი დაბრძენებული სახე აქვს! _ ვუთხარი ერთხელ მეთევზეს, რომელიც ძალიან ამაყი იყო თავისი ზორბა ნანადირევის გამო. _ გაუშვი რა!.. აბა ასეთ წყალში თევზი გადარჩენილა და მაგის შეჭმა იქნება_მეთქი?!. _ არაო! არ გავუშვებო! არაო და არაო! ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ქვა კარგად ვერ შეარჩია, მძიმე გამოდგა, ჩამოვარდა და თავი გაუტეხა... იმ დღეს თევზმა მოწამლა და მთელი კვირა საავადმყოფოში იწვა. განა ადვილია ასეთი თევზების "მონელება"? არა, არ არის ადვილი, უნდა იცოდე რას ჭამ და რამდენს... ის მეთევზე ორი კვირის თავზე ისევ ვნახე მტკვრის ნაპირას ანკესით ხელში, მოაჯირზე გადაყუდებული...ეჰ, ვერ ისჯებიან სათანადოდ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები.
მე აქ მოვდიოდი ხშირად და ვიდექი საათობით, რადგან ყველა სიძველე გადასხვაფერდა თბილისში, მხოლოდ მტკვარი დარჩა იგივე, ყოველშემთხვევაში იგივე მიმართულების მაინც _ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ეს დინება უცებ ისეთი ნელი მომეჩვენა რომ შემოვბრუნდი და "დედაენი ბაღის" გავლით ასფალტიანი ქუჩისკენ გავიქეცი, მერე ქართველური ბუნებს გამო დამეზარა ქუჩამდე მისვლა და შუა ბაღში ჩამოვჯექი, იქ ორი ქურთის ბიჭი იდგა და ხმამაღლა ლაპარაკობდა, მე ძალიან მომინდა მეთქვა: _ ძვირფასებო! თქვენ ქართული დედა ენის ბაღში დგეხართ, ქართული ენის პატივსაცემად გაშენებულ, მშვენიერ სავანედ ჩაფიქრებულ ალაგას, რომელიც მიზეზთა გამო საშინლად დაბინძურებულია, ოღონდ სულ სხვაგვარად ვიდრე მტკვარი. მტკვარი იერთებს და თავის ორგანულ ნაწილად აქცევს ყველაფერს, ბაღს კი სად ააქვს ამდენი ძალა?.. ის კი არ მრავალფეროვანდება, ყველა კუნჭული უსხვადასხვაგვარდება, არა და მთლიანობაა ბაღის სახე!.. ორი ხე ყველგან შეიძლება იდგეს, მათ წინ სკამიც იყოს დასასვენებლად გაკეთებული, მაგრამ ბაღი ხომ არ ეთქმის? თუმცა ყველაფერი ხდება ჩვენს უცნაურ დროში, სადც მთავარია "გაგაოცონ", მე საერთოდ ვერ გამიგია რა საერთოა მცენარეულ ბაღებსა და საბავშვო ბაღებს შორის? მე მთელი ბავშვობა მეშინოდა ამ სიტყვის_ "ბაღი", ჩემთვის ეს იყო ადგილი, რომელსაც ჰქონდა ერთი კარგი რამ _ დიდი ფანჯარა, საიდანაც შეგეძლო დაგენახა როგორ მიდიოდა დედა სამსახურში და როგორ ბრუნდებოდა უკან შენს წასაყვანად და როცა მომავალ დედას დაინახავდი გარბოდი კართან, რომ სასწრაფოდ წაეყვანე სახლში, რომ მასთან ყოფნის არც ერთი წუთი არ დაგეკარგა, რომ წინ მხოლოდ საღამო, ღამე და დილის ნაწილი გქონდა და მერე ისევ ბაღი, სადაც გაჭმევენ საჭმელს დღეში სამჯერ და არ ესმოდათ რომ შენ ვერ იტან ვერცერთი კერძის ბოლო ლუკმას და არ გეძინება ზუსტად პირველ საათზე... ყოველთვის გაბრაზებს წითელქუდას ჩურჩუტული ზღაპრის მოსმენა, საერთოდ ვერ იგებ როგორ შეიძლება ბავშვმა ვერ გაარჩიოს ერთმანეთსგან საკუთარი ბებია და მგელი?!. და საკუთარი აზრის შეუმცდარობაში რწმუნდები მაშინ, როცა მამას მიყავხარ ზოოპარკში და შენი დაჟინებული თხოვნით თითქმის ერთი საათი დას მგლის გალიასთან. მამა ვერ იგებს რა მოგეწონა ამ ცხოველში, შენ კი დგეხარ და გულმოდგინედ ადარებ ამ უშნო ცხოველისა და საკუთარი ბებიის სახეს. მერე ეკითხები მამას: კარგი ზღაპარია თუ არა "წითელ ქუდა"? მამა მბობს, რომ კარგია, შენ იცი, რომ საერთოდ ასე ამბობს ყველა უფროსი ყველა ზღაპარზე, განსაკუთრებით კი ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ვერ ხვდები რატომ ააქვს ღიმილიანი სახე მაშინაც კი როცა კომბლეს ცხვრებს მგელი დაუნდობლად სანსლავს...
ორი სხვადასხვა ტიპის და იდეის მქონე რამის არსებობის შემდეგ, რმლებსაც მხოლოდ საერთო სახელი _ " ბაღი" აერთიანებდათ სიტყვათა მნიშვნელობების შედარება დამჩემდა: _ ვერ გამიგია რა საერთოა პარკსა და ცელოფნის პარკს შორის? წიგნსა და საკანცელარიო წიგნს შორის ან შენობასა და უშენობას შორის? _ ასეთ რამეს ვკითხებოდი ერთ მეცნიერად დაბადებულ ადამიანს, რომელსაც ზოგის გასაკვირად, ზოგის კი თავისმოსაბეზრებლად ყოველთვის ლოგიკური პასუხი ჰქონდა კითხვაზე. თუნდაც ისეთ მარტივზე, როგორიცაა: რამდენია 3+2? მას ფიქრიანად აუციმციმდებოდა ცისფერი თვალები და დინჯად იტყოდა: გააჩნია რას მივუმატებთ რას, თუ სამ ვაშლს ორ ვაშლს მივუმატებთ ხუთი ვაშლი იქნება, მაგრამ თუ სამ ვაშლს ორ მსხალს მივუმატებთ, მაინც სამი ვაშლი და ორი მსხალი იქნება. მე ასეთი პასუხები ნერვებს მიშლიან, იმიტომ რომ რაც უფრო მარტივად აღიქვამ სამყაროს, მით უფრო ბედნიერი იქნები, დაწვრილებით შემეცნებას კი ზოჯერ ცრემლებამდეც მიყავხარ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ტირილი შეგიძლია.
მისი ვაშლისა და მსხლის თეორიაზე მე მოვიწყინე და გავიფიქრე: რა ცუდია რომ ბუნებაში არსებობენ ისეთი ვიღაცეები ან რაღაცეები, ვინაც ან რანიც არ შეიძლება რომ ერთად აღიქვა... ყველა ვაშლი მზის ენერგიას ატარებს თან, ყველა მსხალი მთვარისას, აი ასე, სხვადასხვა საზრდო აქვთ, მაშინაც კი, როცა ვინმე მათი ნაზავის ჯემს აკეთებს გემოები არ ერევა ერთმანეთს, დილაობით ვაშლის სიმჟავე იკბინება, საღამოს მსხლის სიტკბო მეტობს... საზღვარგარეთ ყოფნის დროს მეშინოდა ასეთი რამ არ დამმართოდა თბილისთან, თუ განშორების შემდეგ შენი ქალაქი ვეღარ აიტანე, მაშინ ხეტიალი უნდა დაიწყო შენს ხასიათს მორგებული გარემოს საპოვნელად.... მე რომ თბილისივით ადრე ვიღვიძებ და გვიან ვიძინებ?..
***
"არ შემიძლია შევაჩერო შენი ტალღები,
ეუბნებოდა ჩქარ მდინარეს მყუდრო ნაპირი,
დაე, დამაჩნდეს გულზე კვალი შენი ტერფისა..."
რ. თაგორი
როცა თვითფრინავიდან ჩამოვედი, ვიგრძენი რომ აღარ მედგა ფილტვებში სანკთ _ პეტერბურგის ნესტიანი ჰაერი, მერე ვიგრძენი რუკზაკის სიმძიმე, მერე დედა, მამა და ძმა, მეგობრები, მერე ნათესავები, ქართული კერძების გემო, მერე აღარ მახსოვს... დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ო... რომ არა ეს ტელეფონი, რადიო და ტელევიზორი ასჯერ უფრო გვიან გავიგებდით მომხდარ ამბებს, ასე არ დაგვეღლებოდა ტვინი ინფორმაციის მიღება_შენახვით, მეტი აზროვნების დრო დაგვრჩებოდა, ვინ იცის რა ბედნიერებაა როცა არ გევალება რაღაცის ცოდნა?.. _ ამას ვფიქრობდი დილით, როცა ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ამ საკომუნიკაციო საშუალებით მიღებული ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა ჩვენს ოჯახში, თურმე ჩვენი მოხუცი, კეთილი მეზობელი ბატონი ნიკო საგიჟეთში წაუყვანიათ წუხელ ღამით. _ საგიჟეთისთვის როგორ გაიმეტეს?!_ წუხდა დედაჩემი, _ ეტყობა ძალიან დაზაფრა ხალხი, მთელი საათი ყვიროდა თურმე: მე ღმერთი მინდა რელიგიის გარეშეო... _ ამ ტელევიზორმა გადარია ეს კეთილშობილი კაციო _ ამბობდნენ მეზობლები... _ მთელი კვირა რელიგიური გადაცემების სერიას უყურებდა, ჯერ დიოფიზიტური და მონოფიზიტური ეკლესიების გაყოფაზე, მერე მართლმადიდებლური და კათოლიკურისაზე, მერე ხატმებრძოლეობაზე, ლუთერანულის, კალვინისტურის და ანგლიკანური ეკლესიების კათოლიკურთან ბრძოლაზე, სექტების წარმოშობაზე... იმ დღეს ისიც უნახავს მამა ბასილის მრევლი და სექტის წარმომადგენლები როგორ ამტვრეწვდნენ თავ-პირს ერთმანეთს და შეშლილა კაცი, ბოლომდე გააღო ფანჯარა და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი: ღმერთი მინდა რელიგიის გარეშე! ღმერთი მიყვარს რელიგიის გარეშეო!
შემეცოდა ბიძია ნიკო, ეს ტელევიზორი სულ ეშმაკის მოგონილია, არ შეიძლება მისი ყურება, მაგრამ რა ექნა ბიძია ნიკოს? ვერ გაამტყუნებ, ცოლი ამ ხუთი წლის უკან გარდაეცვალა, შვილი არ დარჩენია, მოხუცი პენსიით და ძმის შვილების მონაკითხით ცხოვრობდა ერთიბეწო სახლში. იყო საოცრად მორწმუნე და კეთილსინდისიერი ადამიანი, ჯერ კიდევ მაშინ, კომუნისტების დროს, სააღდგომოდ ღებავდა კვერცხებს და ეკლესიაში მიდიოდა ლიტანიობა ღამეს, მეზობლის ბავშვებსაც უჩიჩხინებდა: _ ბიძიკო, შაბათ საღამოს და კვირა დილას ლოცვის გარეშე ნუ გაატარებთო, ღვთის მადლიანი სიტყვა შემოვა თქვენში და მთელი კვირა დალოცვილები ივლითო!.. შაბათ-კვირა რომ კვირის ბოლო დრეებია, როგორ ვივლით მთელი კვირა დალოცვილებიო? _ ნიშნის მოგებით ეკითხებოდნენ ბავშვები. _ ეს თანამედროვე ადამიანების მონაჩმახია უკმაყოფილოდ გადაიქნევდა ხელუკუღმა მკლავს ბიძია ნიკო, _ ყველა ენაში კვირა მზის დღეა: სუნდაყ, სონტაგ, მეგრული ჟაშხა აიღეთ ბატონოო, ადრე კვირის ათვლა მზის დღიდან იწყებოდაო, უკუღმართმა მეცნიერებმა შეცვალეს მერე ყველაფერიო!... _ბიძია ნიკომ რაღაცნაირად ტკბილი, ღიმილიანი ლაპარაკი იცოდა, სულ სიხარული ედგა თვალებში, ამიტომ ვერ შეეკამათებოდი, აზრს ვერ დაუწუნებდი ასეთ დროს, როგორც წესი, ყველა მოქიშპე გადაეხვეოდა და ეტყოდა: _ როგორც შენ იტყვი ისე იყოს ნიკო ბატონოო! - ჰოდა, ჩარაზულია გუშინს მერე ამ ნიკო ბატონის სახლის კარი, ვერ მოვითმინე და საგიჟეთში წავედი მის სანახავად.
_ როგორ ხარ ბიძიკოო?.. _მითხრა ისე, როგორც ყოველთვის, _ როგორ მოიარე რუსეთიო? გავიგე პეტე დიდის ქალაქიც მოგინახულებია, მე მანდ ვცხოვრობდი ბავშვობაშიო... - კარგად -მეთქი, - ვუპასუხე. -მოსკოვში თუ იყავიო?-მკითხა, -კი, ცოტა ხნით მეთქი, - აი, მაგ ქალაქში რამ ჩაგიყვანაო,-გამიწყრა ოდნავ, - რაც რუსეთის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას დამართა, კრემლის დანახვაც არ მინდა და პროტესტის ნიშნად არასდროს ჩავსულვარ მაგათ სამყოფელ ალაგასო! ბიძიკო, თუ რუსეთის მთავრობა სხვა ქალაქში გადაინაცვლებს შენც გამოუცხადე პროტესტი და ნუჩახვალ იქო. ასეა, ბიძიკო, ასეო, თუ დიდი იმპერიის მიერ დაპყრობილი და განადგურებული ქვეყნის ყველა მოსახლე ასე მოიქცევა, შერცხვებათ და ბოდიშს მაინც მოიხდიანო. - ბიძია ნიკო უცებ წამოიწია, თბილად ჩამიხუტა გულში, მერე სკამზე მოხერხებულად მოკალათდა და რაღაცის მოსაყოლად მოემზადა. - მე ბიძიკო ღმერთს ვეძებ, ისე, რელიგიის გარეშე, მინდა იცოდე რომ მაინცდამაინც მაღალ თანამდებობაზე ნუ იოცნებებ, მთავრობაში მისულ ადამიანში ღმერთი ყველაზე ცოტაა. ოღონდ იქ კი არ მიდიან უღმერთოები, რომ მივლენ ღმერთი მიდის მათგან, სუნი დგას ცუდი. მე რომ მკითხონ გავყრიდი სუყველას ერთად და კეთილშობილი ჭკვიანი, განათლებული, პატრიოტი ხალხით გავავსებდი იქაურობას. ყველა სახელმწიფოში რომ ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელშიც ბევრი ღმერთია, კურთხეული იქნება სამყაროც. არ გეგონოს ბიძიკო შენ, რომ ყველა სახელმწიფო თავის მმართველს არ ემსგავსება, არადა ადამიანს შეუძლია რომ იყოს კარგი: ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ რომ ანათოსო! - ასე თქვა ეს დიდმა არისტოტელემ, ჰო, მაშინ მზე ერქვა იმას, რასაც ჩვენ ახლა ღმერთს ვეძახით...
***
"და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა."
ლ.ასათიანი
ბიძია ნიკომ ისე გამომიშვა, რომ სიტყვის თქმაც არ მაცალა: კი ჭკუიდან შეშლილი, გამოჩერჩეტებული ბებერი ვარო, მაგრამ მაინც დაფიქრდი ჩემს ნათქვამზეო და მერე კარგად რომ დაფიქრდები, ბევრ განათლებას რომ მიიღებ, ბევრი რამ რომ გადაგხდება თავს, მერე მოდი და მითხარი ისეთი აზრი, დარწმუნებული რომ იქნები იმის სისწორეში, შენეული რომ იქნება და არა სხვისგან ჩაწვეთებულიო!..-მაგრა ჩამიკრა გულში და და გამომიშვა. მე უცებ მომინდა მალე გავზრდილიყავი, ჩემი ნაფიქრალი და ნააზრევი მქონოდა ყველაზე და ყველაფერზე და ისევ დავბრუნებულიყავი ბიძია ნიკოსთან. ნეტავ საერთოდ თუ დგება ადამიანის ცხოვრებაში ასეთი დრო? მანამდე კი უნდა ვისწავლო, იმიტომ რომ "არ გიყვარს ის რაც არ იცი", მე კიდევ მინდა ძალიან ბევრი ვინმე და რამე შევიყვარო, ბევრი ღმერთი იყოს ჩემში... _ბიძიკო, ღმერთმა ყველა და ყველაფერი იცის, თუ იცის უყვარს, თუ მარტო უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო სიყვარულია! - გვეუბნებოდა ბატონი ნიკო და იოანეს ქადაგებიდან იშველიებდა ციტატებს: "ღმერთი არავის არასდროს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და სიყვარული მისი აღსრულებულია ჩვენში" (I იოანესი. თIV.12).
***
„VIVA AჩADEMIA, VIVAთ PღOFEშშOღEშ!“
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის ჯერ კიდევ არდადეგები იყო. არადა, მომენატრასავით. რა უცნაურად ჟღერს სიტყვა "აკადემია", ბავშვობაში ამ ინსტიტუტის ყველა სტუდენტი ძალიან სოლიდური მეგონა. აი, რაღაცნაირი: შარვალ-კოსტუმინი, უკეთეს შემთხვევაში ფრაკში გამოწყობილი და ხელში ტროსტით. გოგონები კოპწები, მანერული მიხვრა-მოხვრით...
პირველად აკადემიის სტუდენტი რვა წლის ასაკში ვნახე, მთავრობის სასახლის წინ მიტინგზე, 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღით ადრე. ეს იყო მაღალი, ქერა ბიჭი, ტუჩების და ნიკაპის გარშემო ქონდა წვერი (მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი სიტყვა "ბლაჟე") და გრძელი თმა. ამის შემხედვარემ წარმოვიდგინე, რომ ამ ბიჭს არ აქვს ფული საიმისოდ რომ მოუაროს თავს, არც დრო აქვს, რომ ის პატრიოტია და ერთი წამით არ ტოვებს "სამშობლოს სადარაჯოს", რომ მე წავალ და ვეტყვი დედას: - დე, ნუ ნერვიულობ მამაზე, მარტო ის კი არა სხვებიც დგანან მიტინგებზე ფეხმოუცვლელად...- მაგრამ ტანსაცმელი? არავითარი კოსტუმი, არავითარი ტროსტი და ხელთათმანები, რაღაც ქურთუკი და ჭუჭყიანი ჯინსები და მე წარმოვიდგინე, რომ ის აკადემური პრინციპების დარღვევის გამო, უბრალოდ გარიცხეს სამხატვრო აკადემიიდან, მაგრამ მერე გამოჩნდა დიდი ტრანსპარანტი: "სამხატვრო აკადემია თქვენთანაა!" და მე უცებ დავინახე ამ ბიჭის მსგავსი ბევრი სტუდენტი, მაშინ ვიფიქრე რომ ეს ინსტიტუტი ღარიბებისთვის არსებობს, ხოლო როცა ჩავაბარე აღმოჩნდა რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ნაწილობრივ ღარიბების, ნაწილობრივ ლოთების და ნაწილობრივ დიდი ხელოვანების სასწავლებელია. ჩემი სწავლის პერიოდში ყველაზე გაძვალტყავებული ინსტიტუტიც იყო. მე არ დამავიწყდება ლიფტი, რომელსაც მგზავრები თერთმეტსართულიანი შენობის მხოლოდ მეცხრე სართულზე აყავდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იმდენად მოშლილი ლიფტი, რომელიც არ ჩერდება არც ერთ სართულზე გარდა პირველისა და მეცხრესი. წყალი საუკეთესო შემთხვევაში ადიოდა მეხუთემდე და არც ერთ სართულზე არ იყო საპირფარეშო. მე არ დამავიწყდება ოთახი აკადემიის ძველ, სათაყვანებელ კორპუსში, სადაც ვისხედით ოცნი და წვიმის დროს ჭერიდან წვეთავდა წყალი, ოღონდ არ გეგონოთ რომ ეს საშინელებაა, პირიქით, დიდი ბედნიერება იყო, იმიტომ რომ იშლებოდა ლექცია, ჯიგარი წვიმა კი სულ ჩვენს მხარეს იყო და ყველაზე „მძიმე“ ლექციების დროს გვესხმოდა თავს. ლექტორი გვყავდა მოხუცი და საყვარელი, მაგრამ არცერთი მისი სიტყვა არ ამახსოვრდებოდა არცერთ სტუდენტს და ნებისმიერ ჩვენს დასმულ შკითხვას ის პასუხობდა წყენით: არ გრცხვენიათ! გუშინ რამდენი ვილაპარაკე ამ თემაზეო. მერე სევდიანად დახრიდა თვალებს, გადაშლიდა რომელიმე შავ-თეთრ რეპროდუქციას და იტყოდა: _ აქ კარგად არ ჩანს მაგარმ თქვენ უნდა მიხვდეთ როგორი ლაჟვარდოვანი ცისფრითაა ფორმა მოდელირებული.. და ამ შავთეთრი რეპროდუქციებით ვიქმნიდით ჩვენ წარმოდგენას მთელი მსოფლიო ხელოვნების შესახებ. არა მარტო ჩვენ, თაობები გაიზარდა ამ რეპროდუქციებზე და მიუხედავად ამისა არსებობენ ქართველი ხელოვნების თეორეტიკოსები, არსებობს ქართული ხელოვნების ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს შეძლებისდაგვარად წარმატებით. არ არსებობს ქართველ ადამიანზე უფრო ენთუზიასტი, მე არ დამავიწყდება ჩემი ლექტორი, რომელსაც ქონდა ხელფასი თვეში 6 ლარი და მას არ გაუცდენია არც ერთი ლექცია.
***
„როგორ არ მიდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდებით.“
მ.გელოვანი
სახლში მარტო ბებია და ძმიშვილები დამხვდნენ. ჩემი ბებია მსოფლიო ბებიების ტრადიცული საქმიანეობით წინდის ქსოვით იყო გართული, მაგრამ როგორც კი ხმას ამოიღებს თქვენ მაშინვე მიხვდებით რომ ის ნამდვილად ქართველი ბებიაა...
_ უი, მოხვედი ბებიკო, შენ შემოგევლოს შენი ბებია, რაცხა საჩუქარი რავა არ უნდა დამეხვედრებინა შენთვის, მარა ცხრა თვის პენსია დამიკავეს მაგ ოხრებმა, მე ვიფიქრე ბოვშვს წინდას მაინც მოუქსოვ-თქვა._ ე... ვინ გაბედავდა კომუნისტების დროს პენსიის დაკავებას?!. გავიფიქრე მე, -როგორ იცვლება ყველაფერი, სულ ყველაფერი, ამ პატარა ბავშვების ცხოვრებაც რა პრობლემური გახდა!_ ვთქვი ხმამაღლა და ჩემი ძმიშვილების საუბარს დავუგდე ყური
6 წლის ნინო: ოზონის ქვრელიდან ჰაელი თანდათან გაიპალება და ჩვენთან აგალ იქნება?
5 წლის ნიკა: მელე ჩვენ ლითი უნდა ვისუნთქოთ?
6 წლის ნინო: თუ ძალიან სევეხვეწებით დაბლუნდება, მამას ლომ ვეხვეწებით ქომ ბლუნდება ქომე სამსაქულიდან?!.
5 წლის ნიკა: მოდი ჰაელი დავიჭილოთ!
6 წლის ნინო: აი, დავიჭილე! არ გაგისვებ, არ გაგისვებ!
5 წლის ნიკა: ე... დალჩი რა დედამიწაზე!
6 წლის ნინო: ცასი ქვრელი იმიტომ გაჩნდა ლომ ბევლი წუწყიაო.
5 წლის ნიკა: და ბევლი ნაგავიო.
6 წლის ნინო: ქომ გეუბნებოდი ფეგბულთი არ ითამასო-მეთქი! მიწიდან ასული მტველი ავიდა, ავიდა, ავიდა და გახია ცა. ცა სათუთია და ვერ გაუძლო მტველს.
5 წლის ნიკა: კაგი, აგალ ვითამასებ! თუ ჰაელი ალ წავა საელთიოდ აგარ ვითამასებ!
6 წლის ნინო: ჰაელი რომ გავაწუწყიანეთ იფიქლა: მე აქ ალავის აგარ ვუკვარვარო და წასვლა დააპირა
5 წლის ნიკა: მოდი ჰაელის ბაქტელიები მოვკლათ!
6 წლის ნინო: აი, სენ!
5 წლის ნიკა: აი, სენ!
ბავშვები მთელი ძალით აჯახებდნენ პატარა ხელისგულებს ერთმანეთს. მე გამეღიმა და ვუთხარი:_ დაწყნარდით! თუ კარგად მოიქცევით ყვალაფერი მოგვარდება_მეთქი.
ბავშვები რათქმაუნდა მიხვდნენ, რომ არსებობს რაღაცეები რაც ჯერჯერობით სულაც არ არის მათ საქციელზე დამოკიდებული, რომ ეს უბრალოდ უფროსების ყველაზე ხშირი, ყველაზე ბანალური გაფრთხილებაა, რომლიდანაც აზრის გამოტანა საერთოდ შეუძლებელია. მე ზუსტად ვიცი _ მათ იმ წამს ასე იფიქრეს, მზერაში ედგათ ეს სიტყვები, მაგრამ მაინც გაიღიმეს და სათამაშოდ გაიქცნენ, რადგან ყველა ადამიანს ყველა ასაკში თავისი კონკრეტული საქმე აქვს, ან უნდა ქონდეს მაინც. აი, მე არ მაქვს ჩემი საქმე, უფრო სწორად საშუალება რომ ჩემი საქმე ვაკეთო. ვერც ერთი განვითარებული ქვეყნის მოქალაქე ვერ გაიგებს რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში პრაქტიკულად არ არსებობს სამუშაო ადგილი, როცა არ ფასდება არანაირი შრომა, რაც იმას ნიშნავს რომ არ არსებობს სიცოცხლის სტიმული, კარგ ადამიანად ყოფნის სტიმული... სადაც თავს იწყევლიან იმის გამო, რომ სინდისისა და სიყვარულის გარეშე არ დაიბადნენ. მე კი მინდა რომ “ბევრი ღმერთი იყოს ჩემში” და “მაცალონ რომ ვანათო”! ამიტომ მივდივარ დიდ, უცხო ქალაქში, რომელიც ვიცი რომ ჩემს ხასიათს არ მოერგება, იმიტომ რომ “ძალიან” ქართველი ვარ და როგორც ყველა ჩემს დღეში ჩავარდნილი ქართველი, მეც მივდივარ, რომ ჩამოვიდე იმდენად ძლიერი მაინც ერთი აგური ავიღო და სწორად დავდო აქ, ჩემს მიწაზე, მე მივდივარ რომ გავიგო საიდუმლო: როგორ შენდება მშვენიერი ქვეყნები.
ჩვენ დავბრუნდებით!
Wednesday, May 13, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment