Wednesday, December 9, 2009

ძააალიან მსუუუქანი გოგონა

დილას მიყვარს საუზმობა, საუზმობა რა, საერტოდ ჭამა მიყვარს ძალაინ, მაგრამ ჩემი წონის გამო მარტო დილას ვჭამ გემრიელად. ამბობენ საუზმის კალორიები ბოლომდე იწვებაო და მეც არ ვიკლებ ტკბილეულს და ფუნთუშეულს. ისე, კალორიადამწვარის არაფერი მეტყობა და არც ის, რომ 19:00 საათის შემდეგ კუჭის წვის მიუხედავად ლუკმას არ ვიდებ პირში. უკვე 5 წელია ვიმატებ და ვიმატებ, გრამი არ დამიკლია. ვარჯიში მეზარება, ბასეინზე სიარული მრცხვენია, დიეტა ცუდად მხდის და ვცხოვრობ ასე ქონებით გარშემორტყმული. სახლში ყველა სკამი მორყეული მაქვს, საწოლი ჩაზნექილი, სამაგიეროდ მუცელი ამოზნექილი და ლოყები დაბერილი. შარშან 100 ვიწონიდი, წელს 120-მდე ავედი. სიმსუქნემ ასაკიც შემმატა, მარტო თვალები შემრჩა ცისფერი და ნათელი. კიდევ კარგი თვალი მაინც მაქვს ლამაზი. ადრე ტანიც ლამაზი მქონდა, ფეხები რომ იტყვიან გლანდებიდან მეწყება მაგრამ სად ჩანს?! მკერდიც ლამაზი მაქვს - საშუალო და მკვრივი, მაგრამ არც ის ჩანს ვეებერთელა მუცლის ფონზე. მუცელი ძალიან მარცხვენს, ხანდახან მეკითხებიან:”ფეხმძიმედ ხომ არ ხარო?” და თავს ვუქნევ თანხმობის მიშნად. მირჩევნია იფიქრონ რომ ბოზი ვარ, ვიდრე ძალიან მახინჯი. შეყვარებული რა თქმა უნდა არ მყავს, მე კი მომწონს ერთი, მაგრამ ის არც კი მეპრანჭება. მეგობრულად კი ვუყვარვარ, თბილად მხვდება და ბიჭების ბირჟაზე მივყავარ. ბიჭებსაც ვევასები. მაგრა ვჩხუბობ და იმათაც ევასებათ სხვა უბნელებს რომ ეშინიათ ჩემი. წინა თვეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, ერთმა უბნელმა ბიჭმა მითხრა: თუ ამ ტიპს ფეხს დაუდებ, წააქცევ და მერე დაარტყამ მაგარ საათს გაჩუქებო. ისეთი სიმპათიური და მამაკაცურია უარი ვერ ვუთხარი. მართლა მაჩუქა. ვიღაცას ჩამოატანინა დიდი ზომის სამაჯურით. ორი კვირაა მეკითხება ჩემს ნაჩუქარ საათს რატომ არ ატარებო? ხან რას ვიგონებ, ხან რას... ხო არ ვეტყვი მაჯაზე არ შემომწვდა-მეთქი.
მოკლედ, ბიჭებს მუშტის დასარტყმელად მაინც ვჭირდები, გოგოები კი ისე მიყურებენ როგორც ზღაპრიდან გადმომხტარ დევს. მარტო ერთი დაქალი მყავს - ნიცკა, ის ძალიან გამხდარია, მაგრამ აჩკარიკი და არასექსუალური. ჩემთან ბიჭები მაინც მეგობრობენ, იმ საცოდავს კი არავინ ემეგობრება.” წიგნები არიან ჩემი დაქალებიო”-ასე ამბობს. წიგნების კითხვა მეც მიყვარს. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი: ”დიდი სახლის პატარა დიასახლისი”, ”ანა კარენინა”, ესმერალდა ან ემა ბოვარი... რა ვქნა Happy and - ებს სევდიანი კანცოვკები მირჩევნია. ლამაზია როცა სიყვარული, ან საერთოდ ცხოვრება ”მსხვერპლს მოითხოვს”. არა და რა ხშირად ხდება ასე...
ანა კარენინასავით ზოგჯერ მეც ვშლი ხელებს და სახით ვვარდები საწოლზე. რა ვქნა მატარებელს რომ ჩავვუარდე ამის საბაბი ჯერ არ მაქვს. ისე, სიკვდილი კი მეჩქარება, როცა გარდავიცვლები ღმერთს საყვედურს ვეტყვი ასეთი ჭამისმოყვარე და სიმსუქნისკენმიდრეკილი რომ გამაჩინა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მის გარდა ყველა კარგად მექცევა. თავს მოვიკლავ და ჩემს სულს ჩემი ნებით მივცემ ეშმაკს, რადგან ღმერთმა დამსაჯა მეც ვეცდები დავსაჯო და ის რაც ”ჩამბერა” არ დავუბრუნო.

ორი წლის შემდეგ...

საერთოდ ყურის მიდება და მოსმენა არ მიყვარს ხოლმე. მაგრამ დღეს მომიწია. 15 წლის თენგო აივანზე ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და მშობლებს რომ არ დაენახათ კედლის ტიხარს ამოვეფარეთ. თან დაბადების დღე ჰქონდა და უარს ხომ ვერ ვეტყოდი, ისე რაღა ჩემნაირი გასიებული აირჩია, ძლივს შევეტიე იმ ტიხარში, სიგარეტის კვამლი არ მსიამოვნებდა მაგრამ ცხვირზე ხელის აფარება მომერიდა, ვიფიქრე უხერხულად არ იგრძნოს თავი მეთქი და მომღიმარი როჟა მოვკერე. დაბადების დღეზე დაპატიჟებული სტუმრები (ძირითადად ჩვენი უბნელები იყვენენ) წამდაუწუმ გამორბოდნენ აივენზე. ზოგი მაკიაჟს იკეთებდა, ზოგი თასმას ივარცხნიდა, ზოგი თავის ავტომობილს გადახედავდა... მაგრამ ყველაზე გასაკვირი იყო ის, რომ ერთ-ორ სიტყვას ყველა ამბობდა ჩემზე, ისე, რომ არავინ იცოდა ჩემი და თენგოს ტიხრის უკან დამალვის ამბავი. როგორც კი ჩემზე დაიწყებდნენ საუბარს თენგო შეცბებოდა, თვალები გაუფართოვდებოდა, ეტყობა ფიქრობდა: ”რა ვქნა, ახლა, ამაზე რომ რამე ცუდი თქვანო”, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არცეთს არ უთქმას ის რასაც მე მეგონა რომ ყველა ლაპარაკობდა ჩემზე ჩემს ზურგსუკან. პირიქით... გოგოებმა:”აუ რა ჯიგარი გოგოა და საწყალი როგორი დაკომპლექსებულია მსუქანი რომ არისო... დააკვირდი რა ლამაზი თვალები და ნაკვთები აქვსო... აუ, იმისთანა თმა აქვს, ნეტავ ეგეთი მეც მქონდესო... ” ბიჭებმა:” რა ჯიგარია, რა საყვარლად იღიმებაო... რომ შემმხედავს მაბნევს ისეთი ლამაზი თვალი და მზერა აქვსო, მაგარი ტიპია ძაანო და ასეო და ისეო...” თენგო სიხარულისგან სულ ”YES, YES -ს” იძახდა, მაგრა უხაოდა… მე ისე დავიბენი, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა იმ ტიხრიდან. მეშინოდა სახეზე არ დამტყობოდა, რომ ლამის ყველას ნაფიქრალი ვიცოდი ჩემზე, ან არ გაეგოთ, რომ ჩუმად ვუგდებდი ყურს და ასეთი კარგი დამოკიდებულება არ შეცვლოდათ ჩემს მიმართ... რა ვიცი კიდევ რას არ ვფიქრობდი... რომ შემძლებოდა აივნიდან გადვძვრებოდი. მერე მივხვდი რომ პირველ სართულზე ვარ... ფეხი გადავწიე და გადაძრომა დავაპირე, თენგოს არ გაუჩერებივარ, მაგრა გამიგო, შევიდა ჩემს მდგომარეობაში და გადაძრომაში დამეხმარა.
მეორე დილას რომ გავიღვიძე რაღც გამხდარი მეჩვენა თავი, გამხდარი რა სმსუბუქეს ვგრძნობდი. ნეტავ ან ღმერთს რატომ ვსაყვედურობი, ან საღამოს შიმშილით რას ვიკლავდი თავს. ჩემს ირგვლივ მყოფებს თურმე ასეთიც მოვწონვარ. ”რა საყვარელიაო, ლამაზი თვალები და გამოხედვა აქვსო...” წარმოგიდგენიათ? აუ რა მაგარიაააა... ნეტა დედაჩემს ტუში არ უგდია სადმე? წამწამებს ავიპრიხავ და უფო მომხიბვლელი მზერა მექნება. აბა რა, ქალმა თავს უნდა მიხედოს ხვალ წარბების კოექციას გავიკეთებ და მერე სოლარიუმში შევივლი ”ზაგარი” მომიხდება...

სამი წლის შემდეგ...

ბულემიამ გამიარა, ექიმმა თქვა ისტერიული ჭამის სურვილი ნერვული დაძაბულობის ბრალი იყოო.

Tuesday, December 1, 2009

***

***
დღეს მზე აღარ ჩანს ჩემს თვალის რკალში,
გამცვალა სხვაზე მხიარულ ქალში,
ვუწუნებს მზერას სითბოს და მადას,
თუ სურს მოვიხდენ წითელ პომადას.
წვიმს და წვეთებით ერთობა ქუჩა,
ლურჯი თვალები ცას აღარ უჩანს,
შენც ვეღარ გხედავ დაგფარა წვიმამ,
როგორ მიყვარხარ რა იცის იმან?

მანე და მისი ”ოლიმპია”

“პარიზში არ ყოფილა მოსეირნე, ვისთვისაც სეირნობა ამდენი სარგებლობა მოეტანოს”. - წერდა იმპრესიონისტების მამაზე ედუარდ მანეზე მისი მეგობარი ანტონ პრუსტი. მაგრამ მანე სულაც არ ფიქრობდა მაშინ ამგავრ ”მამობაზე”, უბრალოდ უნდოდა ეხატა ისე როგორც სეირნობისას ხედავდა. დადიოდა პარიზის ქუჩებში წყნარი, დინჯი ნაბიჯებით და აკვირდებოდა როგორ ციმციმებდა მზეზე გარემო. მაშინდელი მხატვრისთვის არც თუ ისე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როგორც წესი, ისინი სახელოსნოში ისხდნენ და ესკიზების მიხედვით ქმნიდნენ სურათებს. ამ დროს ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა ჯერ კიდევ კლასიციზმია, რომელიც საფრანგეთის სამეფო კარის განდიდებას ემსახურება. სურათში ყველა ნიუანსი მკაცრადაა განსაზღვრული; დადგენილი ნორმების მიხედვით იხატება პოეზია, ჟესტები, რეგლამენტირებულია ემოციის გამოხატვაც. კლასიცისტებს უპირისპირდებიან რომანტიკოსები. მათი შემოქმედება გამოხატავს იმ პერიოდის დაბალი ფენების მღელვარებას. ისინი მუშაობენ ნახატის კოლორიტზე. ფერადოვნების მხრივ ნამუშევრების გადაწყვეტა ძალიან თავისუფალია, მაგრამ გვაძლევენ არა რეალურ სურათებს, არამედ მათ სიმბოლურ გადაწყვეტას (როგორიც არის მაგ.: ე.დელაკრუას ”თავისუფლება ხალხის წინამძღოლი”) იქვე ჩნდება რეალიზმი. იგი ფაქტების გაშიშვლებასა და დაბალი ფენების ღირსების წარმოჩენას აყენებს წინა პლანზე და არა მხატვრულ ამოცანებს . . .
ასე ერთბაშად თანაარსებობს ამდენი სხვადასხვა მიმდინარეობა, რომელთაც არც თუ ისე ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ არც ძალიან სძულთ, რადგან აქვთ ერთი საერთო: მხატვრული ხერხების სხვაობის მიუხედავად ისინი კონკრეტულ იდეებს ემსახურებიან და მათ შემოქმედებაში მთავარი ამ იდეის ხორცშესხმაა.
XIX საუკუნის II ნახევარში კი ხალხი იმპრესიონისტების ხელოვნებას ეცნობა, რომლებიც ათავისუფლებენ სურათებს ყოველგვარი იდეისგან, ხოლო ფორმას სიმკაფიოვეს აკარგვინებენ. აქ გამოსახვის მთავარი საშუალება ფერია. ”ფერის ზეიმია” ყველა კომპოზიციაში. უხვად შემოდის ისეთი აქტიური, მჟღერი მონასმები, რომელიც XIX სს-მდე არ იცოდა მხატვრობამ.
პარიზი პირველ იმპრესიონისტულ სურათს ასე გაეცნო:
1878 წელს, პარიზის სამხატვრო სალონში გამოფენა მოეწყო. მაშინ ნაპოლეონ III შეიწყალა ყველა განკიცხული მხატვარი და დართო ნება დამატებით ექსპოზიციაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ოთახს პარიზელებმა ”განკიცხულთა სალონი” უწოდეს.
განკიცხულ სურათებს შორის მოხვდა ე. მანეს ”საუზმე ბალახზე” და ”ოლიმპია”. პირველ სურათს საზოგადოებამ ”უწესო” უწოდა, რამაც ისინი ჩაცმულ მამაკაცებს შორის მოქცეულ შიშველ ქალს გულისხმობდნენ. მაგრამ აქამდე, მსოფლიოში არცერთ სურათს არ გამოუწვევია ისეთი სკანდალი, როგორც ”ოლიმპიამ” გამოიწვია. ფრანგებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო პაროდია ჯორჯონესა და ტიციანის ”ვენერებზე”, მიბაძვა გოიას მშვენიერ ”შიშველ მახაზე”. მანემ აიღო ”ვენერას” ტიპაჟი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალის იდეალად ითვლებოდა. დაამახინჯა, ურცხვი გამომეტყველება და თანამედროვე ქალის იერი მისცა მას. ფრანგები თვლიდნენ, რომ ეს იყო წარსული კულტურა და მათი დაცინვა, რადგან თხრობით სიუჟეტებს მიჩვეულმა ფრანგებმა, სხვა ვერაფერი ამოიკითხეს ამ ტილოში, გარდა აქცენტისა ქალის ”სიურცხვეზე”. სურათს არ ეყო ერთი და მეორე მცველი მიუჩინეს. ფრანგები ტროსტებითა და ქოლგებით ემუქრებოდნენ მას. მანეს ფოლანდიაში მოუწია წასვლა, რომ სკანდალისთვის თავი აეცილებინა. როცა სალონის დირექციამ დამთვალიერებლები ვერაფრით დააწყნარა, სურათი ჩამოხსნა და სადღაც ბოლო ოთახის კარის თავზე დაკიდა, საიდანაც ის ძნელად აღიქმებოდა.
მანე კი ვერაფრით ხვდებოდა რამ გააცოფა ასე ხალხი. მას მართლაც არანაირი კონკრეტული იდეა არ ჩაუდია ამ სურათში. მითუმეტეს წარსულის შეურაცყოფა აზრადაც არ მოსვლია. უბრალოდ დახატა თავისი ნატურა ვიქტორინა მერანი, ისეთი როგორიც იყო ის. მას აინტერესებდა გამოესახა ამ ქალის ტიპაჟი და შეექმნა კარგი ფერწერა. ამიტომაც წერს მხატვარი უფრო ცხოველხატულად და ეშხით თაიგულს, რომელიც ზანგ მოსამსახურეს უჭირავს ხელში, ვიდრე სხვა უფრო მთავარს. მოახლის კანის სიმუქეც შემთხვევითია, ვოდლერმა ურჩია ხატვისას, ისე გამოესახა მოახლე ქალი, რომ მაყურებელს ნაკლებად მოხვედროდა თვალში და წინა პლანზე ყოფილიყო აქცენტი. სახელი ”ოლიმპიაც” შემთხვევით აურჩევია მხატვარს (როგორც ამას კრიტიკოსი ლ. ვენტური წერს). მთავარი აქ მისთვის ფერწერული ვირტუოზობა და სახასიათო, რეალური ტიპაჟის შექმნა იყო. რამ აღაშფოთა მაშინ ასე საზოგადოება: სურათის უშინაარსობამ? მჟღერმა ფერებმა? თუ მანამდე არ ენახათ ქალი თამამი და ურცხვი გამომეტყველებით? ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერმა. მთავარი პრობლემა აქ მაინც იდეალების შებღალვაში იყო, მისი ნგრევა და რეალობის ცხვირთან მიტანა.
საუკუნეების განმავლობაში ამ ტიპის კომპოზიციების შექმნა, ხომ ეპოქის ქალის იდეალის შექმნას გულისხმობდა ჯორჯონესთან, ველასკესტან და სხვა მხატვრებთან. მანემ ისაზრდოვა ამ წარსულით, ოღონდ უფრო მოგვიანებით: ქალი არა როგორც ნაზი, უმანკო და მშვენიერები ამარა დარჩენილი არსება, არამედ ძლიერი, თავში დაჯერებული, საქმიანი, ფუფუნების მოყვარე . . . როგორც ჩანს, გენიოსები იბადებიან იმისთვის, რომ წინასწარ შექმნან სამომავლო და მერე სამარადისო ფასეულობები. რას იფიქრებდნენ პარიზელები, რომ ”ოლიმპია” ძველი ”ვენერების” შეურაწყოფისთვის კი არა, მათ ლოგიკურ გაგრძელებად, მათ გვერდში სადგომად იყო შექმნილი.
მხოლოდ მანეს გარდაცვალების შემდეგ, როცა 1889 წელს, ”საფრანგეთის დიდი რევოლუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა” მოეწყო, ვიღაც ამერიკელმა მოისურვა ”ოლიმპიას” შეძენა. კლოდ მონემ არ დაანება იგი მყიდველს და სთხოვა მანეს ქვრივს, რომ სახელმწიფოსთვის მიეყიდა სურათი. საფრანგეთს ეს სიამოვნება 20 000 ფრანკი დაუჯდა. სხვათაშორის ამავე წელს გაიხსნა პარიზში ”ეიფელის კოშკი”. ფრანგები ვერ იტანდნენ ამ 312მ ლითონის კონსტრუქციას და სატრიუმფო თაღის კარიკატურად მიიჩნევდნენ მას. თუ კი რემარკი ყოველ დღე ”ეიფელის კოშკზე” სადილობდა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც იგი არ ცანდა, დღეს ყველა ესწრაფვის მი ხილვას და აღფრთოვანებულია ”ეიფელის კოშკით”. სხვათაშორის ”ოლიმპიაც” ეკიდა ”ლუქსემბურგის სასახლის” ერთ ბნელ და ნესტიან ოთახში, მხოლოდ 1907 წელს გადაიტანეს იგი ლუვრში და დღემდე სიამაყით უყურებენ მას პარიზელები, ისე, რომ სულაც აღარ სურთ მათ ბებიებისა და ბაბუების განწყობის გახსენება ამ სურათის მიმართ.
ასეთი რამ შეიძლება ყველა ხალხს, ქვეყანას და ეპოქას დაემართოს. არსებობს რაღაც ფასეულობა რომლის დანახვასაც დროის დისტანცია სჭირდება. იქნებ არ ღირდეს ყველაფრის ასე ხელაღებით ლანძღვა. ”ვერ გავიგე” - არ ნიშნავს რომ ცუდია.

ეს საინტერესოა... ”რენესანსი და ლეონარდო და ვინჩი”

რენესანსი იტალიაში ჩაისახა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა. იტალიურად.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადებას” ნიშნავს. ის ძირითადად XIV-XVI საუკუნეებს მოიცავს და ”აღორძინების” სახელითაცაა ცნობილი. მართლაც, შუასაუკუნეების ასკეტიზმის ფონზე, სადაც ადმიანები მთლიანად ორიენტირებულნი იყვნენ რელიგიაზე და ეკლესიაზე, მოხდა ანტიკური ტრადიციების აღორძინება. ანუ ამ პერიოდიდან ადამიანებმა გადაწყვიტეს რწმენისა და სულიერების პარალელურად მეტი ყურადღება დაეთმოთ მეცნიერებითვის, შემეცნებისთვისა და საკუთარი სხეულისთვის. იხსნება მრავალი უნივერსიტეტი (მაგ: პოლონეთში კრაკოვის უნივერსიტეტი 1364 წელი), ჩნდება მეცნიერების ცალკეული დარგები და სხვ. ის ცოდნა, რაც წარმართ ადამიანებს ჰქონდათ, შუასაუკუნეებში ერთგვარად დაიკარგა (მაგ: ადამიანის რეალურად გამოსახვის ან პორტრეტის გამოსახვის კულტურა), ამიტომ რენესანსის ეპოქის მხატვრები და მოქანდაკეები თავიდან იწყებენ ადამიანის სხეულის შესწავლას, რომ იგი რეალურად და რეალურ გარემოში გამოსახონ. სწორედ ამის გამოა, რომ სურათებში, სადაც ისევ და ისევ რელიგიურ თემებს ვხვდებით, ფორმები მოცულობითი და ხელშესახებია, ფონი კი ყოფითი სიუჟეტებით დატვირთული. (მაგ: ადრეული რენესანსის იტალიელი მხატვრის ფილიპო ლიპის სურათზე ”ღვთისმშობელი ყრმით” მარიამი და ყრმა ქრისტე ოთახის ინტერიერში არიან გამოსახულნი, მათ ფონზე კი ხარებისა და მარიამის მოლოგინების სცენებია წარმოდგენილი, რომლებიც ძალიან ყოფითი და ჟანრულია).
რენესანსი რამდენიმე ნაწილად იყოფა: პროტორენესანსი, ადრეული რენესანსი, მაღალი რენესანსი, გვიანი რენესანსი. ყველაზე დიდი ხელოვანები, რომელთა მსგავსი ტალანტები ალბათ დღემდე არ დაბადებულან, მაღალი რენესანსის პერიოდში (XV ს-ის ბოლო XVI ს-ის დასაწყისი) ქმნიან თავიანთ შედევრებს. მათ შორის გამოირჩევიან: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და რაფაელი. ცნობილია რაფაელის ”მადონების” სერია (ანუ ღვთისმშობლის გამოსახულებების სერია, რომელიც ყრმასთან ერთად ხან მღვიმეშია გამოსახული, ხან მწყერჩიტათი... მათ შორის ყველაზე ცნობილია ”სიქსტის მადონა”). მიქელანჯელო ძირითადად ცნობილია, როგორც მოქანდაკე (ქანდაკებების სერია: ”პიეტები”, იგივე ქრისტეს დატირებების სერია, ”მონები”... ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა ბიბილიური ”დავითი”)

ლეონარდო და ვინჩი - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. მამა - პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი - ყველზე ცნობილი ადამიანი იყო ფლორენციაში, ხოლო დედა - კატერინა, უბრალო გლეხი გახლდათ. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს, რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. ვაზარის ინფორმაციით (ჯორჯო ვაზარი - ამ პერიოდის ისტორიკოსი, რომელმაც შემოგვინახა რენესანსის ეპოქის იტალიელი მხავრების ბიოგრაფიები): ერთხელ მამას უთხოვია პატარა ლეონარდოსთვის მეგობრის ფარის მოხატვა. ლეონარდო რამდენიმე საათში გამოსულა ოთახიდან და უთქვამს, რომ ფარი უკვე მოეხატა. როდესაც სურათი ფარის პატრონმა იხილა, ის შეშინებული გამოვარდა ოთახიდან, სურათი იმდენად რეალისტური იყო, რომ უცხოს ნამდვილი ურჩხული ეგონა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარია. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო, სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე”. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა” და ფრესკა ”საიდუმლო სერობა”, რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთი კარის თავზეა დახატული. კომპოზიციაში არ ჩანს რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს. (სხვათაშორის ის კვეთდა უპატრონო გვამებსაც, რომ ადამიანის კუნთოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი შეესწავლა), ასევე მან იცოდა ე. წ. ”ჟესტების ენა”, რაც ოსტატურად გამოიყენა სურათის შექმნისას. ყველა მოწაფეს სხვადასხვა განცდა აღებეჭდება სახეზე და სხვადასხვა ჟესტით გამოირჩევა. მათი ჯგუფები რენესანსის ეპოქისათვის დამახასიათებელ სამკუთხედებს ქმნიან, ქრისტეს ფიგურა კი მარტოა ცენტრალურ სამკუთხედში მოთავსებული. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებოდა ზეთის საღებავი, ლეონარდომ ექსპერიმენტი ჩაატარა, ტემპერის საღებავში ზეთი და დამატებითი მინერალები გაურია, და ამ მასალით დახატა ფრესკა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ფრესკამ დაშლა დაიწყო, რამდენიმე რესტავრაციის შემდეგაც კი ვერ ხერხდება მისი შენარჩუნება.
და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” (გამოფენილია ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი) იგივე ”ჯოკონდას” (ეს ქალბატონი ჯოკონდოს მეუღლე იყო) პორტრეტი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა თეძოებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. ქურდმა ასეთი რამ თქვა სასამართლოზე: ჯოკონდა არის იტალიის საკუთრება და მე მინდოდა იგი იტალიაში დამებრუნებინა. ამის შემდეგ იტალიელებმა იგი ეროვნულ გმირად აღიარეს.
ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: ”თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა დაკვირვებით მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“
ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი და გააღიმა ის…“ (4 წელი ხატავდა). ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. შესაძლოა ლეონარდომ ისინი მოგვიანებით წაშალა, რომ პორტრეტზე ჩვეულებრივი ქალი არ ყოფილიყო გამოსახული და ის უფრო არაამქვეყნიურად წარმოედგინა მნახველს. წარბების არქონა, ჩრდილები თვალების კიდეებთან და არათანაბრად აწეული ბაგეების კიდეები (არაგულწრფელი ღიმილის ნიშანი) ჯოკონდას სახეს მედიდურს, მშვიდსა და ამბიციურს ხდიან, ის თითქოს ზემოდან უყურებს ყველას. სწორედ ამ შთაბეჭდილების ბრალი იყო, რომ სურათს რამდენჯერმე ესროლეს სხვადასხვა ნივთები, ზოგმა მისი გაჭრა მოიდომა, ზოგმა კი ულვაშების მიხატვა (მხატვარმა მარსელ დუშანმა, ჯოკონდას ასლს ულვაშები მიახატა და საკუთარ ქმნილებად გამოაცხადა).
ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, მის ჩანახატებში ვხვდებით ტანკის, ტყვიამფრქვევის, ველოსიპედის, თვითმფრინავის, თხილამურების და სხვ. ესკიზებს. ამ ნივთებს, რა თქმა უნდა, ისეთი სახეები არ აქვთ, როგორც დღეს, მაგრამ შინარსობრივი დატვირთვა ზუსტად იდენტური აქვთ.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. ვაზარის გადმოცემით, იგი სიკვდილის წინ ბოდიშს უხდიდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ისე ვერ დახატა, როგორიც იყო სინამდვილეში.