რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარე კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ სუფრაზე გაატარა, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის სამოცდაათწელსაა გადაცილებული, ასაკის შესაბამისად ცოტა დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა სმენა და ცოტაც მგრძნობელობა, უჭირს სიარული... და ვერ უყურებ, თურმე რა თანამედროვედ უცემს ბებერი გული?!. მე რომ მაგის ხნის ვიქნები, ალბათ, "ჭრელო პეპელაც" ხმამაღალ ყვირილად მომეჩვენება... ან იქნებ ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ რადგან მოხუცებს ნაოჭმიყრილი კანი და დაღლილი გამოხედვა აქვთ აუცილებლად სიწყნარე და სახლში ჯდომა სჭირდებათ? იქნებ, დაღლილი კი არა, უბრალოდ მოწყენილი სახეები აქვთ სულთან მოახლოვებული განშორების გამო. რა ვიცი?... ის კი ნამდვილად ჩანდა, რომ მოხუცებისთვის სახასიათო ყველა თვისება და საქციელი სჭირდა ბაბუაჩემს, მაგრამ ეს ალტერნატიული მუსიკა? იქნებ ყველაფერი მისი კარგი სმენის ბრალიც კი იყო, ახალგაზრდობაში მშვენივრად მღეროდა, ოღონდ ხალხურებს. ხალხური მუსიკა, მიუხედავად იმისა, უსმენ თუ არა მას, იცი, რომ "კარგია", მარტივი ლოგიკით:
უვარგისი რომ იყოს, ჩვენამდე ვერ მოაღწევდა;
რადგან შემოინახა, ჩვენი საუნჯე და რელიქვიაა.
მაგრამ ალტერნატიული მუსიკა? რომელიც ჩვენში ისეთი ახალი ხილია, რომ უამრავი ძველსმიჩვეული ყური აძაგებს და, ალბათ, სამართლიანად, რადგან ყველაფერი ახლის მიღებას დროში ადაპტაცია სჭირდება, მარტივად მას ან ძალიან ნიჭიერი და თანდაყოლილი თანამედროვე სულით დაბადებული ადამიანები იღებენ, ან ნიჭიერი და ძალიან განათლებული, რომლებმაც იციან, როგორც საინტერესო სიახლე ისე მაინც უნდა მიიღონ იგი.
მუსიკალური განათლება ნაკლებად, მაგრამ მუსიკალური გემოვნება ბავშობიდან ქონია ბაბუაჩემს. ჯერ კიდევ ჩვილობაში, წამში წყვეტდა დიდი ხნის ატეხილ ტირილს "კრიმანჭულის" გაგონებაზე. ჩემი დიდი ბებია, უზნეო და მჩხავანა ბაბუჩემს ვერაფრით რომ ვერ დააწყნარებდა, ყანაში წაუყვანდა ქმარს: _ უმღერე, შენ გენაცვალე, მომჭრა თავი, ამიწრიალა სამეზობლოო. ასე სიმღერ-სიმღერით გადააჩვიეს ბაბუაჩემი ცრემლების ღვრას და სატირლად მოღებული პირი მასაც სიმღერისკენ მოუბრუნეს. სოფელში ზოგჯერ "ყანის ბოვშსაც" ეძახდნენ, თუმცა, რაც ხმა ამოიდგა და "რ"-ს ომახიანად გამოთქმა ისწავლა, ყანაში არავის უნახავს, სულ ტაშ-ფანდურში გაატარა თავის ცხოვრება. ბებია და ბაბუა მასაც ასწავლიდნენ, ფარსმან სპარსივით, "ცხოვრება უდაბნოა, ურწყული და ეცადე გარს შემოუაროო", ფარსმანისგან განსხვავებით, დაუჯერა წნაპრებს და ტკივილსა თუ გაჭირვებას სულ სიმღერ-სიმღერით იგერიებდა თურმე.
ერთხელ ტყეში წასულა სანადიროთ, ცოტა ხანში მეგობრებმა მიიხედ-მოიხედეს და სად არის ბაბუაჩემი? უფიქრიათ, ორმოში ხომ არ ჩავარდა, სადმე ხომ არ გადაიჩეხაო და დაფეთებულებს დაუწყიათ ძებნა და ყვირილი. შებინდებისას რას ხედავენ – ზის მურა დათვი ორ ფეხზე, დგას მის წინ ბაბუაჩემი და ხან ცეკვავს, ხან მღერის. ამის შემხედვარე კაცებს დაუმიზნებიათ თოფი დათვისთვის, დათვი წამომდგარა, ბაბუაჩემი იღლიაში ამოუჩრია და ტყეში გაუცუნცულებია. დათვის ბუნაგიდან ბელებს შორის მოქცეულ ბაბუაჩემს ძლივს მიუღწევია სოფლამდე. სოფელში კი ხმა გავარდნილა: ამის ტკბილი ხმის მოსმენა მხეცებსაც კი გულზე მალამოდ ეფინებათო. ჰოდა, ახლა, ეს ჩემი ხმატკბილი ბაბუა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიამოვნებით უსმენს ხმაურიან და უმელოდიო ალტერნატიულ მუსიკას. ბაბუაჩემი გურულია. გურულების ხასიათს ძალიან ეტყობა, რომ მათი კუთხე მთაში "აბრაგებად" გაქცეული ქართველებისგან დაახლოვებით მე-15-ე საუკუნეში შეიქმნა, როგორც ყველა ახალი ეთნოსი, ისინიც სიახლეებს შედარებით მარტივად იგებენ და ეგუებიან, უფრო მეტიც, ისწრაფვიან მისკენ და ტრადიციასაც ნაკლებად აიდიალებენ. ალბათ, გურულობაც დაეხმარა ბაბუაჩემს, თუმცა "ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო!" თქვა დიდმა გალაქტიონმა და ასეა, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ყველაზე ადრე ხედავენ და ქმნიან ახალს. უნიჭოებს კი არ ესმით, რაც არ გესმის, არ მოგწონს, გძულს ან უბრალოდ ლანძღავ... ბაბუაჩემს ესმოდა. ისე გულისყურით უსმენდა, რომ ნამდვილად ესმოდა. _ ბაბუ, რა ნიჭიერი ყოფილხარ! _ ვუთხარი მე და გაეღიმა, თითქოს გაუხარდა კიდეც. ბაბუაჩემი სკოლაში ცუდად სწავლობდა, ინსტიტუტიც ძლივს დაამთავრა, ყველა უსაქმურს და დარდიმანდს ეძახდა. არაფრის შნო არ გაქვსო, უვარგისი ხარო, შენგან კაცი არ დადგებაო... კარგი ხმის გამო თუ შეაქებდნენ მხოლოდ... და აი, სამოცდაათ წელს გადაცილებულ ამ ადამიანში პირველად დაინახა ვიღაცამ მისი ნამდვილი "ღირსება" და მერე ვინ? ღლაპმა შვილიშვილმა.
ბაბუა იღიმოდა. მან მანამდეც იცოდა, რომ ნიჭიერი იყო. სულ წუწუნებდა, მამაჩემი ამიხირდა და არ ჩამაბარებინა კონსერვატორიაშიო... იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ მე რომ ვუთხარი, გაუხარდა. უცნაურად დარწმუნდა საკუთარ ძალაში და მერე ატირდა... სიკვდილის წინ კი ასეთი რამ დაწერა: "სიბერეში კი არ უნდა კითხო შენს თავს რისთვის მოვედი? ბავშვობიდან უნდა გიტრიალებდეს თავში. მე დავტირი ჩემს ნიჭს, რომელიც შემეძლო აქ დამეტოვებინა და მიმაქვს სამარეში." იქნებ, კიდევ რამის ნიჭიც ჰქონდა ბაბუას?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment