Thursday, April 23, 2009

ლექსები

***
შენ გიყვარდა ლურჯი ფერი
და გხიბლავდა ყველაფერი,
შენ გიყვარდა გემო ყავის
და უზომოდ ქება თავის.
არ იღებდი ყველას მზერას,
სიყვაულის ისევ გჯერა,
სევდიანმა შენმა მზერამ
ბევრი გული ააძგერა.
ოჰ, ეს კაციც შენი არი,
ფიქრობ გახდეს იქნებ ქმარი?
Mან გაჩუქა ბევრ ვარდი,
მერე აღარ შეუყვარდი.
თმას იღებავ, დღეს გაქვს შავი
სულ დაკარგე მგონი თავი,
წარამარა იცვლი კაბებს
და სიგამხდრის იღებ აბებს,
უკვე დროა კერო, ქარგო
შენ დაბერდი ჩემო კარგო.


***
ვეღარ ანათებს ჩემს დიდ ფანჯრებს
ქუჩის ფარანი.
არ არის მთვარე
დილაობით
არც მზე არ არის.
ღმერთს ვეძებ ზეცის სითეთრეში...
წიგნის ფურცელზე...
არ ვფიქრობ გველზე,
ხაზი მაქვს ხელზე
ბედნიერების.
დავხატე ხეზე
ცივი ფერებით
სახლი ლამაზი...
“არა უშავსო” – ვიცი მეტყვი
ხვალე ამაზე.
მე მოვინდომე,
რომ ამ სახლში
მეცხოვრა მარტოს
ან შენთან ერთად,
მაგრამ რა ვუყო,
ცივი ფერები შენ არ გიზიდავს
და არც კი გართობს
და ვერც კი ხვდები,
რომ შორიდან ჩანს ეს სახლი ასე
აშენებული ჩემი ხელით
მაგრამ შენს გზაზე.



***
მზე მთის თავზე აიწვერა,
მე დღეს შენი ისევ მჯერა.
არ მივდივარ სწორი გზებით,
მზის ქვეშეთში ისევ ვთბები.
თვალებს ვხუჭავ, მერე ვახელ...
მე ჩემს გრძნობას ჯერ ვერ ვამხელ,
ეჰ, რომეო დანტე, პიერ,
გეყვარები ასე ძლიერ?


***
წელს გვიღალატეს თოვლის ფიფქებმა
და ნაცრისფერი დარჩა თბილისი.
ახალი წელი ისე იწყება,
აღარც ჩვენია, აღარც იმისი.
დაეტყო დარდი ტუჩების კიდეს,
ვდგევარ ქაშუეთთან,
რეკავენ ზარებს…
თოვლი არ არის და მაინ სცივა,
დღეს ჩემს სიყვარულს
და არე-მარეს.

***
წვიმა?
წკაპ…
ამ ვეებერთელა ცაზე
სად დაიკარგა ღრუბელი?
ასე ხატავდა ვრუბელი მიწას,
დღეს მზე სუსხისგან
ჩემს ხელებს იცავს...
წკაპ?
მგონი ცრემლია?
დღეს აქ გელიან,
ეს მოლოდინი სად გეხსომება.
ბევრი ლოდინი
ჩვენმა ომებმა უფრო დაღალა.
შენი ამალა გრძნობების...
ჩემი,
ჩემი ფიქრია.
არ გვიფიქრია,
რომ სიყვარული ასი წლისაა
უკვე მზისაა
უკვე ცისაა?..
მგონი არა,
შორი არ ხარ...
შენ ხარ გიდი, ჩემი გიდი...
რომ ბრაზდები ღრუბელს გავხარ
შემირიგდი...
აი, თითი, არათითი
ნუღა წახვალ
მომკლავს დარდი
ისე ძლიერ შემიყვადი.

თავისუფალი ლექსი

თავისუფალი ლექსი

***
როცა სიბერეზე იწყებენ საუბარს,
ვაჩერებ საათს და ვმშვიდდები...
მერე, როცა გაჩერებულ საათს ვნახავ,
მე თვითონ ვიწყებ მოძრაობას,
ვმალავ გარდაცვლილი ბებიის სურათს
და ვმშვიდდები...
მერე, როცა სურათს ვნახავ,
მენატრება ბებია და
ცრემლს ღიმილით ვაკავებ.
ვიჯერებ, რომ იმქვეყნად დაისვენა
და ვმშვიდდები...
აი, სულ ასე ვიტყუებ თავს.


***
ოთხი კედელი... ოთხი მხარე...
ყოველი ოთხი მკეტავს და მანგრევს,
მიწასთან მართხამს.
ოთხით ცხოველები დადიან,
ოთხით მივალებულები გააქვთ
ოთხი ფეხი უსულო საგნებს აქვთ
და თუ ადამიანმა ოთხი გაითავისა
სიცოცხლეს შეწყვეტს
და მექანიზმად გადაიცევა.

Thursday, April 16, 2009

თაობები

წერილი შენ!
ჩემო ცრემლთა მთლიანობავ, შენი ჰარმონიული სუნთქვის ელფერი სრული შესაბამისობაა ჩემი სევდიანი მზერისა და მეტად მძაფრი ემოციური სიდუხჭირისა. ჩემი თვალთახედვის არისობა, ტკივილი ცად აჭრილი არწივისა და ბოდვა სიკვდილად მიგდებული ავადმყოფისა, ლტოლვა სრულყოფილებისადმი და თვითკმაყოფილების განცდა ცხოვრებასთან ბრძოლაში ხარ შენ!
_ აუ, ეს ბიჭი იდიოტია რა!.. ეს რა წერილი მომწერა ჩემი?!. აზრზე არ არის ვაფშე და რაღაცეებს ბოდავს... _ ცრემლმორეული ხმით თქვა პატარა სოფომ და სახე ხელის გულებს დააყრდნო.
_ არა, დედიკო, მგონი ზედმეტი სიყვარულისგან მოსდის..._ ფიქრიანი ხმით თქვა ქალბატონმა მაიკომ, ლიპები შეისწორა და ქუთუთოებზე ლურჯი ჩრდილების წასმა განაგრძო.
_ რა იცი სიყვარულისგან თუ სხვა რამისგან, იქნებ მაგინებს?
_ არა, შვილო, არ გაგინებს, ამ წერილიდან ასეთი აურა ნამდვილად არ მოდის. პოპულარული, საკმაოდ ცნობილი ბიჭია, ეტყობა რომ განათლებული და რომანტიული ახალგაზრდაა... რა გაგინებს არ გრცხვენია დედიკო?
_ მე თუ მკითხავ, მაი, დღეს პოპულარობის ორი საშუალება არსებობს რა...: ან უნდა იყო ძალიან ნიჭიერი და ძალიან აქტიური, ან ძალიან უნიჭო და ძალიან ავანტიურისტი. მოკლედ, ეს მგონი მეორეც არ არის, იდიოტია ვიღაც რა...
_ მოდი მამაშენს დაველოდოთ!
ბატონი გურამი _ სოფოს მამა, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობს და სახლში ყოველ საღამოს (ნუ, თითქმის ყოველ საღამოს) კარგად ნაქეიფარი და შესაბამისად შეზარხოშებული ბრუნდება. ის ხელებს იბანს და იმავე წამს საძინებელი ოთახისკენ მიეშურება. დღეს ცოლ-შვილი აუწუწუნდა დასაძინებლად გამზადებულ გურამს საწოლთან:
_ ოხ, შენი ჯანდაბა იქნეს, შენი, არაფერი შენ არ გაინტერესებს, ერთხელ იკითხე მაინც: რა ხდება საკუთარ ოჯახში...
_ რა იყო ქალო?
_ რა მამა და...ისეთი პონტია რა, მაგარი ტასკა სიტუაციაა, გეხვეწები ეს წერილი წაიკითხე და მითხარი რა უნდა ამის ავტორს ჩემგან._ ნერვიულად ამბობს სოფო და ერთიბეწო ფურცელს აწვდის მამას.
_ უჰ, მე ამ მიკროსკოპულად ნაბეჭდ ასოებს გავარჩევ? ფურცელი დაენანა მაგ შობელძაღლს? წამიკითხე მამიკო, წამიკითხე!
სოფო სწრაფად და უხერხულად კითხულობს წერილს. წარბშეჭმუხნული გურამი ფიქრიანი სახით ამბობს:
_ როგორც მე გავიგე სასიყვარულო წერილია ხომ?
_ კი, მგონი…
_ ბიჭის დაწერილია ხომ?
_ ნამდვილად კი!
_ ვალიდოლი!
_ ვაი მე, ცუდად ხარ გურამ?
_ კი
_ რატომ მამა?
_ იმიტომ რომ სულ გადაგვარდა ქვეყნიერება, მამას ამ ხნის მამას, რომელსაც რუდუნებით გამიზრდია ერთადერთი ქალიშვილი, ხმამაღლა მიკითხავენ ვიღაც მუტრუკის კომპიუტერზე აკრეფილ სასიყვერულო წერილს. ვინ არის, ვინ მიგდია, მოვკლავ მაგ კომპიუტერშიკს.
_ არ არის კომპიუტრშიკი! _ კივის სოფო
_ სულ ერთია, მაინც მოვკლავ! როგორ გაბედა ჩემი ქალიშვილისთვის წერილის მოწერა, მაგას არ ვაცოცხლებ!
_ კარგი, გურამ დაწყნარდი, რა დაგემართა?!.
_ რა დამაწყნარებს? ბიჭები და თაყვენისმცემლები არ გამაგონოთ! ადექი და როცა დრო მოვა პირდაპირ გათხოვდი, აი, ასე, ჰოპ და გათხოვდი, გასაგებია?
_ აუ, დედა წამო რა, ვინმე სხვას წავაკითხოთ ეს წერილი.
_ კარგი, დაწყნარდი გურამ, დაიძინე, აი, ასე ჩემი ბიჭი, ჩვენ წავედით.
_ ბაბუაჩემი და ბებიაჩემი სად არიან?
_ სად იქნებიან? საძინებელ ოთახში. ჩემს ბავშვობაში სულ ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ, არ ვიცი რა დაემართათ ამ სიბერეში. _ ამბობს მაიკო და ხედავს როგორ გამოდიან ხელი-ხელ ჩაკიდებული დედა და მამა საძინებელი ოთახიდან. ქალიშვილისა და შვილიშვილის დანახვისთანავე ისინი ხელს უშვებენ ერთმანეთს. ბაბუა საქმიანი სახითა და მწყობრი ნაბიჯით დაწინაურდება, ბებია კი უკან მოყვება სერიოზული სახით. ო, ეს ჩვეულებრივი ბაბუა არ გეგონოთ, ის სოციალისტური შრომის გმირია. მისი ოჯახი კი, როგორც ამას თვითონ ამბობს, ყოველთვის წესიერებით, წესრიგითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. ამ ოჯახისთვის ყოველი დღე ერთნაირი გრაფიკით იწყებოდა, მიედინებოდა და მთავრდებოდა. დილის 8 საათზე გაღვიზებული ბაბუა ბადით ხელში ეშვებოდა კიბეზე რძის და პურის ამოსატანად, ზუსტად 8:45 წუთზე ცოლ-ქმარი ტროლეიბუსში სხდებოდა და სამსახურში მიდიოდა. საღამოობით პარკში სეირნობდნენ, გრძელ სკამზე, ერთმანეთის გვერდი-გვერდ, მუხლებშეტყუპულები და გამართულები ოდნევ შორი-შორს სხდებოდნენ, ისე, წესიერების ფარგლებში, რომ მოსეირნე საზოგადოების გაღიზიანება და მზაკვრული ფიქრები არ გამოეწვიათ. თუმცა არ იფიქროთ რომ საღამოებს მუქთად ატარებდნენ. არა, სკამზე ამგვარი ჩამოჯდომა წუთიერი იყო, სეირნობა კი ფუნქციონალური. ბაბუა და ბებია გულდამით ათვალიერებდნენ ბაღის ყველა კუნჭულს. უადგილოდ დადებულ ბოთლებს, ქვებს და ქაღალდის ნაგლეჯებს, ისინი ფრთხილად დებდნენ სანაგვე ყუთებში (ეს უკანასკნელი რომ არ დაეზიანებინათ). სწორედ ამგვარი მზრუნველობისთვის დაჰკიდეს ბაბუას მარჯვენა მკერდზე მედალი, ბებია კი მხოლოდ სიგელს და გულწრფელ მადლობას დაჯერდა. აი, დღეს რომ დაეჩაგრათ იგი ასე, მიდგებოდა, მოდგებოდა, ფემინისტურ საზოგადოებებს შეაწუხებდა, ეგებ სტრასბურგის სასამართლოშიც კი ეჩივლა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ისიც როგორც არსებული ვითარების ჭეშმარიტი პირმშო ისე ცხოვრობდა.
საღამოობით ჩაის სვამდა ცოლ-ქმარი და ზედ კარაქიან პურს აყოლებდა, მერე ტელევიზორს რთავდნენ და საინფორმაციო პროგრამას უცქერდნენ, რომლის დამთავრების თანავე ისინი დასაძინებლად მიეშურებოდნენ. ქალიშვილის შეძენის შემდეგ გადაწყვიტეს რომ მეორე შვილი აღარ ეყოლიათ, რადგან, როგორც ბაბუა იტყოდა: სჯობს ერთი და ხარისხიანი, ვიდრე ბევრი და უხარისხოო. მაშინ, ბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ოთახებში დაეძინათ და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მართლა ბებია და ბაბუა არ გახდნენ...
და აი ახლა, ამდენ ჭირგამოვლილი ადამიანები კორიდორში მოაბიჯებდნენ მაიკოსა და სოფოსკენ...
_ შენა, ბები, ბაბუაჩემს შენთვის სასიყვარულო წერილი მოუწერია?
_ მაშინ სად იყო წერილის წერის დრო, მაგრამ ერთხელ ბაბუაშენი ნიჭმა და უკიდეგანო გრძნობამ არ მოასვენა და ამოხეთქეს მაშინ სტრიქონებმა:
შენი წყვილი ვარ მე – დედისერთა,
წითელი დროშის სიწმინდეს ვფიცავ,
ჩვენ ვემსახუროთ სამშობლოს ერთად
და შევუძახოთ: მარად დაგიცავ!
_ აუ, ჩემი, კაროჩე, მაგ ლექსს ჩემი წერილი ჯობია რა!..
_ რა წერილი? _ იკითხა ბაბუამ.
მაიკომ წერილი გაშალია და ხმამაღლა, გარკვევით წაუკითხა აწ ოდნავ სმენადაქვეითებულ მშობლებს. ბაბუამ კმაყოფილების ნიშნად თავი დააქნია, ბებიამ ხელები მაგიდაზე დააწყო, მერე თითები იდაყვებზე დაილაგა და კომენტარი გაუკეთა მოსმენილს:
_ წერილი ლამაზი, ფრიად მხატვრული ენითაა დაწერილი, ენა ამაღლებული და სათუთია, სიტყვა მრავალგზის გააზრებული და ქვეტექსტებით დატვირული, ამ წერილს სერიოზული ანალიზი სჭირდება, მე მომწონს რომ ახალგაზრდა ყმაწვილის ხელწერა ძალზე ინდივიდუალურია და არ ჰგავს ყოველდღიურ გაცვეთილ სამეტყველო ენას.
როცა ბებიამ კომენტარი დაასრულა, წუთნახევრიანი ინტერვალის შემდეგ, ბაბუამ დაიწყო:
_ ყმაწვილი უდაოდ ჩინებულია! ახლა მთავარი აქ შენი საქციელია ჩემო სოფო, ქალს თავდაჭერა შვენის, არ გაუღიმო ბაბუ, არ დაელაპარაკო, გამარჯობასაც ნუ ეტყვი ძალიან ხშირად, თუ ქუჩაში შეგხვდა მეორე მხარეს გადადი, თუ ყვავილები გამოგიგზავნა არ მიიღო, უნდა დაგეტყოს ბაბუ, რომ ოჯახში ხარ გაზრდილი. შენ იცი ბაბუ, არ დაგვღუპო, ჩვენ წავედით, ნერგები უნდა დავრგოთ...
სოფომ საშინლად შეწუხებული მზერა გააყოლა ბაბუას და მის მარჯვნივ მიმავალ ბებიას, რომელიც ამ პოზიციას, სამუშაო საათებში, მედლის ხათრით იკავებდა ხოლმე.
_ აუ, აღარ მიხსენოთ ეგ ბიჭი, იდიოტია რა, დეგენერატია, ამას არ ჯობდა ერთი გამართული ფრაზა მოეწერა? ეს რა დაწერა, ა? რა უნდოდა ნეტავ რომ ეთქვა, ა?
_ კარგი დედიკო დაწყნარდი..._ მოეფერა მაიკო შვილს, მერე ოთახიდან გავიდა და სოფოს ბოლო სიტყვები მიაძახა:
_ მაინც დაფიქრდი, დედიკო.

მინიატურები

თანამედროვე ნახატი კონცეფციის გარეშე

არ ჩაუბერავთ სული შენთვის, ისე შეგქმნეს. ვის მოატყუებ, თვალის გარდა, ისიც მალე მიგატოვებს, უსულოსთან არავინ კონტაქტობს. არც აზრი გაქვს, არც ნაფიქრალის კვალი გატყვია სახეზე... ლამაზი ხარ, უბრალოდ, ან უბრალო ხარ ლამაზად.



გველეშაპის განგმირვა

ბოლო ხანებში ძალიან გამძვინვარდა გველეშაპი, ლამაზი გოგო და ბიჭი არ დატოვა სოფელში. ყველას ჭამდა უმოწყალოდ... მივიდა მასთან ერთი მორწმუნე და უთხრა: - შეჩერდი, გველეშაპო, თორემ მოვა წმინდა გიორგი და მახვილით განგგმირავსო... – არ შეისმინა კაცის დარიგება და გადაყლაპა. მოვიდა წმინდა გიორგი და მოიმარჯვა შუბი, რათა მოეკლა გველეშაპი. ჩასცხო წმინდა გიორგიმ კისერში ლახვარი და ააცდინა; ზურგისკენ გაუსხლტა გველეშაპი, რომელიც გველეშაპის სხეულში იყო ჩაბუდებული. ჩასცხო წმინდა გიორგიმ ზურგში ლახვარი და ააცდინა, კუდისკენ გაუსხლტა ბოროტი. ბოლოს პირჯვარი გადაისახა წმინდა გიორგიმ და მესამედაც ჩასცხო კუდში ლახვარი და მოკლა გველეშაპი, რომელიც გველეშაპის სხეულში იყო ჩაბუდებული. მერე დახედა დიდი, მშვიდი თვალებით, მის ნაწამებ, დასისხლულ სხეულს და უთხრა: -ამიერიდან შენ უფლება გაქვს იყო კეთილი...
გველეშაპს არ უპასუხია.


ასმათი და ტარიელი
(ვეფხისტყაოსნიდან)

„მე არც ისე სუსტი ვარ, რომ მიგატოვო
და არც ისე ძლიერი, სულ შენთან რომ ვიყო.“
ნ. წითლიძე

_ აჰა, ჩაიცვი სუფთა და ახალი სამოსი! ვიცოდი, გულმა მიგრძნო, რომ მოხვიდოდი. ტყავი სად ვიშოვნე?.. ძლივს გადავაწყდი ვეფხვს, ბრჭყალებით კაბა დამიფლითა, ძუძუები დამიხოკა, მაინც მოვკალი... ტყავი გავაძრე და შენთვის შევკერე. გამოქვაბული დაგილაგე. დავგავე, კედლები ჩამოვხეხე, შენი ნივთები სკივრში ჩავალაგე, ზედ სანთელი დავანთე და ვილოცე... გუშინ სადილისთვის პირი არ დაგიკარებია, არ ვიცოდი, თუ არ გიყვარდა, გადავასხი და ახალი გაგიკეთე. ღამეც ცუდად გეძინა, ბორგავდი... ლოცვა წაგიკითხე, შუბლიდან ოფლი მოგწმინდე, მატყლის საბანი გადაგაძრე და თხელი საფარი დაგახურე გრილად რომ დაგძინებოდა. მოდი პორი დაგბანო, მოდი თმა დაგვარცხნო, სველი ტილოთი დაგიზილო გულ-მკერდი... რა? არა, მე არასდროს დავიღლები... შენ?


გზა
მუშებმა სოფელში გზები გაიყვანეს. ასფალტის განიერი, გრძელი გზები...
საქმის დროზე ადრე მოსწრებისთვის ისინი დააჯილდოეს...
სოფლელები თავიანთ გაკვალულ ბილიკებზე ფეხშიშველა დატანტალებდნენ.



ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ “სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთელდებოდა. ზამთარში ტყიდან ჩამოსულ მგელს რომ დაენახა ბანზე გადმომდგარი ელენე, ცხვარს თავს ანებებდა და ძუნძულით მიდიოდა ტყეში. გაუხედნავი ცხენი ელენეს ხელის შეხებაზე მშვიდად ისვამდა მხედარს ზურგზე...
შეშურდათ მის ტოლ გოგოებს, მიეპარნენ ჩაძინებულ ელენეს და ცხელი შანთებით დაუღარეს სახე.
სოფელმა გვიან შეამჩნია ელენეს ჭრილობები. გაგიჟდნენ... გადაირივნენ... მოკვლა დაუპირეს ელენეს ხელმყოფელს. ელენემ წყნარად გაიღიმა და თქვა:
-არაფერია, - არ გაამხილა ბოროტები...
...იმდენად ლამაზი იყო...



FRAGILE

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი უშლიდა დახატულს... გაბუტული ფანქარი ჩხვლეტდა საშლელს ბოროტი საქციელისთვის. არა, საშლელი არ იყო ბოროტი, უბრალოდ, ფანქრის გაბრაზება უყვარდა ძალიან...
...და ერთხელაც საშლელი გათავდა...
გახარებულმა ფანქარმა მთელი ფურცელი მოხატა, მერე მოიწყინა და წვერი მოიტეხა...…

გური ანუ ტრადიციების გამგრძელებელი

გური ანუ ტრადიციების გამგრძელებელი

მე მქვია გურამი. მამაჩემი გურის მეძახის, ის სპარსული ენის სპეციალისტია, სპარსულად კი ჩემი მოფერებითი სახელი ითარგმნება როგორც \"ლომის ბოკვერი\". შესაბამისად მამაჩემს ლომობაზე აქვს პრეტენზია, ისე ცოტათი ჰგავს კიდეც ამ ცხოველს, ამაყია, მამაცი, ძლიერი, ლომის ფაფარის მსგავსი თმაც აქვს, უყვარს ხორცი და ღრიალი. დედაჩემი ნაზი და წყნარი ქალია, მისმა მშობლებმა, როგორც ჩანს, იყნოსეს როგორი შვილიც ეყოლებოდათ, ან უბრალოდ უნდოდათ ასეთი რომ ჰყოლოდათ და სახელად ნუკრი დაარქვეს. უფრო გვარიშვილობის თავისებური გენეტიკის ამბავია, თორემ ნუკრი კაცებსაც ხომ ჰქვიათ?.. ამის გამო ერთხელ დედაჩემს კომისარიატიდან მოწვევაც კი მოუვიდა: \"ბატონო ნუკრი, გთხოვთ ნუ აყოვნებთ ჯარის სავალდებულო კურსის გავლასო\". არადა რა ჯარი, ნუკრივით დიდი, წყლიანი და სათნო თვალები აქვს. მამაჩემი რომ სამსახურში მიდის, მოიწყენს და სულ ფანჯრიდან იყურება, ბებიაჩემი კი ბუზღუნ-ბუზღუნით აკეთებს სახლში ყველა საქმეს. მიუხედავად ამისა, ეზოს ჭორები ბებომ გაცილებით უკეთ იცის ვიდრე დედამ და საღამოს, ვახშამზე, როცა ბებია უბნის ამბების დაწვრილებით მოყოლას იწყებს, ჩვენ ხმას ვუწევთ ტელევიზორს, ის კი ისევ ბუზღუნებს: არაფერი გაინტერესებთ თქვენო... ვის გაუჩნდით ასეთი უჯიშოებიო...
მოკლედ ბებო ბუზღუნისთვის არის გაჩენილი, დედა სიმშვიდისთვის, მამა სიამაყისთვის, აი, მე ჯერ არ ვიცი. ჯერ კიდევ თვეში ერთხელ მაინც მეცვლება ხასიათი, ამ ეტაპზე ვარ ჯიუტი, მიყვარს ძილი, დავდივარ ჭუჭყიანი, ჩაჩაჩული ტანსაცმლით და გაუწმენდავი ფეხსაცმლით, თუ ბებო გამირეცხავს ვეჩხუბები... საერთოდ ვჩხუბობ ბევრს, უმიზეზოდაც, მიყვარს გოგონები, უფრო ქალები, ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ, მამამ მითხრა ჩვიდმეტი წლის ღლაპი ხარ და ორი ღლაპის შენახვის თავი არ მაქვსო. ისე ცოლზე მიფიქრია ლამაზ და გრძელთმიანი ცოლი მინდა, ქალის ძალა ხომ თმაშია, ხოლო თუ მისი ძლიერება მომბეზრდა ავდგები და შევაჭრი, თუ შეჭრაზე უარი განაცხადა, ავდგები და ამ თმით ვითრევ, მოკლედ შემს ხელში იქნება რა. ბებო ამბობს: თმა თმაა, მთავარია ვინმე უჟმური და მახინჯი არ მოათრიოო, მამა ამბობს: სწორად მსჯელობს ბავშვი, ის მაინც არ გახსოვთ ქალღმერთ დალის თმის მოკვეთით როგორ წაართვა მონადირემ ძალაო. დედა სდუმს, საერთოდ ცხარე კამათის დროს დედა ყოველთვის ასე იქცევა. მამას საქართველოს დედოფლები სწორედ მისნაირები წარმოუდგენია (თან გვარიშვილობაც უწყობს ხელს), ამიტომ თვლის რომ იდეალური მანერების ცოლი შეხვდა. დედა მაინცდამაინც არ ფიქრობს, რომ მისი მეუღლე მეფური ღირსებებით გამოირჩევა, მაგრამ მთავარია _ სდუმს. ბებო ამბობს: ყველა ცოლი უკმაყოფილოა საკუთარი ქმრით, ყველა შეყვარებული ქმარი კი კმაყოფილიო. ლადო ასათიანი კი წერს:
\"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა,
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა.\"
მე არ ვიცი რომელს დავუჯერო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გრძელთმიანი ცოლი მინდააა. რატომღაც ძალიან ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩემთვის ამ გრძელ თმას. საერთოდ ოჯახში ძალიან გვეხერხება სიმბოლური საქციელები. მაგალითად ფანჯარასთან მჯდომი დედა ფიფქიას ზღაპრის რუსული ვერსიიდან ბაძავს პერსონაჟს, რომელიც იმის გამო, რომ დიდხანს გასცქეროდა თოვლს ულამაზესი იყო და შვილიც ულამაზესი გაუჩნდა, ჩემი გარეგნობისთვის ეს ეპითეტი ნაკლებდა გამოდგება, თუმცა დედა ასეთი საქციელით სიმბოლურად სამეფო და სააპარტამენტო განწყობას ნამდვილად იქმნის. მამა ყველაზე თავგამოდებული \"სიმბოლისტია\", რომ ვთხოვ წყალი მომაწოდე- მეთქი, აუცილებლად ცარიელ ჭიქას გამომიწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, წყალი კი პატარისაა. ერთი ბებო მყავს რეალისტი, მაგრამ მე რა თქმა უნდა უფრო მშობლებს დავემსგავსე და ამიტომ მიყვარს სიმბოლოები, სამწუხაროა რომ ჩემს სიმბოლურ საქციელებს მშობლების გარდა ვერავინ იგებს. ერთხელ ერთ არაჩვეულებრივი თმის მქონე გოგონას სიყვარული ავუხსენი და მერე ვთხოვე ფრჩხილი ეჩუქებინა ჩემთვის, დაიბნა. რა მიხვედრა უნდოდა იმას, რომ მე ვგულისხმობდი ფრთოვან ფრაზას, რომელიც ასე ჟღერს: \"შენს ფრჩხილადაც არ ვღირვარ\", მერე ვიფიქრე, ალბათ ცოტა ძნელია მისთვის ასე ღრმა შრეების გახსნა და უფრო გავუმარტივე, ვეკვეთე იქვე დაგდებულ ლოდს და გადავაგორე, ვიფიქრე \"სიყვარულო ძალსა შენსა\" მაინც გაახსენდება-მეთქი, მაგრამ ისევ არ დაიბნა?.. ამ დროს დავინახე ონკანი, ბოლომდე მოვუშვი და წყალს ისეთი მიმართულება მივეცი, რომ ჩემსა და მას შორის გუბე დამდგარიყო, ვიფიქრე წიგნს თუ არ კითხულობს სიმღერა მაინც ექნება მოსმენილი-მეთქი:
\"შენ იქით ხარ მე კი აქეთ ჭირიმე,
შუა გვიდევს კოჭებამდე მდინარე,
ცოტა ღრმა და ცოტა ფართე რომ იყოს,
იქნებ ვინმემ ზედ ხიდიც კი გაგვიგოს.\"
რა ხიდი, რის ხიდი, ყველა ისე უცნაურად მიყურებდა, თითქოს რაღაც საშინელება ჩამედინოს. ეს გოგო კიდევ არ ადგა და არ წავიდა. რა უცნაურია, გოგოს ასეთი თმა ჰქონდეს და ასეთი მიუხვედრელი იყოს, - გავიფიქრე მე და ლამის საკუთარ პრინციპებში შემეპარა ეჭვი. მეორე დღეს ის გოგონა თმაშეკრეჭილი დავინახე იმავე ადგილას და მივხვდი რაშიც იყო საქმე, დავაგვიანე. როცა სიყვერული ავუხსენი, როგორც ჩანს, მას უკვე თმის მოკვეთა ჰქონდა გადაწყვეტილი, მისი გონება უკვე ფსიქოლოგიურად მზად იყო იმისთვის რომ ძალა დაეკარგა, შესუსტებულიყო, თორემ რომ არ დამეგვიანებინა, დარწმუნებული ვარ მისი მშვენიერი თმა წამში მიიღებდა და აღიქვამდა ჩემს მიერ მიწოდებულ სასიყვარულო იმპულსებს.

ამონაწერი ”სასოწარკვეთილი დიასახლისების დღიურებიდან” 14 თებერვალი ”წმ. ვალენტინის დღე”

ამონაწერი “სასოწარკვეთილი დიასახლისების” დღიურებიდან
14 თებერვალი – წმ. ვალენტინის (სიყვარულის) დღე

***
სიყვარულის დღეს ვიფიქრე რამე
საჩუქარს ვუძღვნი მეუღლეს ღამე,
ბევრი ვიფიქრე, გავგიჟდი თითქმის,
რა შევიძინო ძვირფასი ქმრისთვის?
გულებიანი მინდოდა ნივთი,
სიყვარულის დღეს უხდება Gიფტ-ი.
იქნებ შარვალი, სარკე, ან კეტი...
ბევრი კოცნა და რა უნდა მეტი?..

***
სიყვარულის დღეს მაჩუქე რამე,
ასეთ დღეებში ვოცნებობ მუდამ,
სულ ერთი არი, მაჩუქე ღამე,
გრძელი ან მოკლე, საღამო თუნდაც.
მაჩუქე კაბა, მაჩუქე სარკე...
ისე, უბრალოდ, რაც მოვა თავში.
სიყვარულის დღეს ვოცნებობ მუდამ,
სიყვარულის დღეს მაჩუქე ბავშვი.



***
სიყვარულის დღეს ვსაუზმობ მარტო,
თუ კი ამას საუზმობა ქვია...…
ვიღებ ერთ ნაჭერ, მეჩვენება, რომ გამხმარ სიყვარულს
და დასალბობბად თხლად გადავუსვამ გადაღლილ ღიმილს.
სიყვარულის დღეს სევდის მანქანა ჯერ დასაქოქია,
როდის გათბება ასეთ ყინვაში...
შენს ქუჩამდე მაინც შორია. მარილს მოვაყრი თოვლიან გზას
და მოვკბეჩ დასამოკლებლად...
მოვსვამ მდინარეს, რომლის პირასაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით
და ზიზღით გადაყლაპავ, როგორც ყველაზე თარს გამოგონებას.
აი, ჩემი საუზმობაც, თუ კი ამას საუზმე ჰქვია.
სიყვარულის დღეს მე დაბნეული ვარ
ჩემს სიმარტოვეში...
... ამკრიფე რა.


***
სიყვარულის დღეს თუ მოხვალ მთვრალი,
არ დაგავიწყდეს, რომ მე ვარ ქალი.
თუ შენთვის “ნაშა” არ არის ნოლი,
არ დაგავიწყდეს, რომ შენ გყავს ცოლი,
თუ კი ცუდად ხარ და თარსი დღეა,
მეგობარი ვარ, რომელიც მზეა.
ბეწვის ხიდზე ხარ? მომეცი ხელი
და თუ ჩაგიწყდა თოკია ძველი.
რადგან ყოველთვის შენთან ვარ კარგო,
რომ შენი გულის ძეფებით ვქარგო,
ვიდრე სიბერე ჩამოთოვს წმინდად,
მინდა მიყვარდე, გიყვარდე მინდა,
“მარტოდ შთენილებს” მიხედოს ბუდამ,
ბედი კი “ორის საქმეა” მუდამ.


***
სიყვარულის დღე გავიდა ისე,
არც გვიფიქრია მილოცვა, კოცნა
და “ვალენტინის დღის” შესაგრძნობად
მომოვალ წლამდე მოგვიწევს მოცდა.
ყვებიან სხვები როგორ გაერთნენ,
როგორ მიიღეს ბევრი ვარდები,
მე კი ვწუწუნებ: მოწყენილობავ,
რატომ არ მტოვებ, რად არ მთავრდები.
სიყვარულის დღე გავიდა უცებ,
ნეტავ არასდროს მცოდნოდა მასზე,
მე ვფიქრობ შენზე, ვაკეთებ სადილს
და თურმე კერძი გადმოდის გაზზე.
რატომ გავიდა ასე უაზროდ,
დღეს ვიშლი ნერვებს, გამყვება დარდად...
ვარდის გარეშეც გავუძლებ ყინვებს,
ოღონდ შენ იყო ჩემთან და კარგად.

Monday, April 13, 2009

ჩემი ახალი ბლოგი

MAIL-მა და MESSAGE-მ მოსპო ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ინტერნეტმა ბუკინისტები და ბიბლიოთეკარები. XX საუკუნემ იდეალები და ისინი ფავორიტებით შეცვალა. ე.წ. Favourate-ს შესაქმნელად კი ე.წ.PR გამოიყენა, რომლის გარეშეც არ იყიდება, არ უყვარდებათ, არ მოწონთ, არფერი... არ იცნობენ,არ ჩუქნიან,არ ენდობიან არფერს. ფიარის გარეშე ვერც მე გავყიდე ჩემი პირველი კრებული, რომელსაც მართალია შავ-თეთრი ყდა მაგრამ საინტერესო შინაარსი ჰქონდა. ამიტომ მეორე კრებულის დაბეჭდვასა და მის გასაღებაზე თავის ატკიებას ვარჩიე ბლოგერი გავმხდარიყავი და აგერ ბატონო www.qetoart.blogspot.com. მარტივად და უპრობლემოდ:)