“პარიზში არ ყოფილა მოსეირნე, ვისთვისაც სეირნობა ამდენი სარგებლობა მოეტანოს”. - წერდა იმპრესიონისტების მამაზე ედუარდ მანეზე მისი მეგობარი ანტონ პრუსტი. მაგრამ მანე სულაც არ ფიქრობდა მაშინ ამგავრ ”მამობაზე”, უბრალოდ უნდოდა ეხატა ისე როგორც სეირნობისას ხედავდა. დადიოდა პარიზის ქუჩებში წყნარი, დინჯი ნაბიჯებით და აკვირდებოდა როგორ ციმციმებდა მზეზე გარემო. მაშინდელი მხატვრისთვის არც თუ ისე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როგორც წესი, ისინი სახელოსნოში ისხდნენ და ესკიზების მიხედვით ქმნიდნენ სურათებს. ამ დროს ყველაზე პოპულარული მიმდინარეობა ჯერ კიდევ კლასიციზმია, რომელიც საფრანგეთის სამეფო კარის განდიდებას ემსახურება. სურათში ყველა ნიუანსი მკაცრადაა განსაზღვრული; დადგენილი ნორმების მიხედვით იხატება პოეზია, ჟესტები, რეგლამენტირებულია ემოციის გამოხატვაც. კლასიცისტებს უპირისპირდებიან რომანტიკოსები. მათი შემოქმედება გამოხატავს იმ პერიოდის დაბალი ფენების მღელვარებას. ისინი მუშაობენ ნახატის კოლორიტზე. ფერადოვნების მხრივ ნამუშევრების გადაწყვეტა ძალიან თავისუფალია, მაგრამ გვაძლევენ არა რეალურ სურათებს, არამედ მათ სიმბოლურ გადაწყვეტას (როგორიც არის მაგ.: ე.დელაკრუას ”თავისუფლება ხალხის წინამძღოლი”) იქვე ჩნდება რეალიზმი. იგი ფაქტების გაშიშვლებასა და დაბალი ფენების ღირსების წარმოჩენას აყენებს წინა პლანზე და არა მხატვრულ ამოცანებს . . .
ასე ერთბაშად თანაარსებობს ამდენი სხვადასხვა მიმდინარეობა, რომელთაც არც თუ ისე ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ არც ძალიან სძულთ, რადგან აქვთ ერთი საერთო: მხატვრული ხერხების სხვაობის მიუხედავად ისინი კონკრეტულ იდეებს ემსახურებიან და მათ შემოქმედებაში მთავარი ამ იდეის ხორცშესხმაა.
XIX საუკუნის II ნახევარში კი ხალხი იმპრესიონისტების ხელოვნებას ეცნობა, რომლებიც ათავისუფლებენ სურათებს ყოველგვარი იდეისგან, ხოლო ფორმას სიმკაფიოვეს აკარგვინებენ. აქ გამოსახვის მთავარი საშუალება ფერია. ”ფერის ზეიმია” ყველა კომპოზიციაში. უხვად შემოდის ისეთი აქტიური, მჟღერი მონასმები, რომელიც XIX სს-მდე არ იცოდა მხატვრობამ.
პარიზი პირველ იმპრესიონისტულ სურათს ასე გაეცნო:
1878 წელს, პარიზის სამხატვრო სალონში გამოფენა მოეწყო. მაშინ ნაპოლეონ III შეიწყალა ყველა განკიცხული მხატვარი და დართო ნება დამატებით ექსპოზიციაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ოთახს პარიზელებმა ”განკიცხულთა სალონი” უწოდეს.
განკიცხულ სურათებს შორის მოხვდა ე. მანეს ”საუზმე ბალახზე” და ”ოლიმპია”. პირველ სურათს საზოგადოებამ ”უწესო” უწოდა, რამაც ისინი ჩაცმულ მამაკაცებს შორის მოქცეულ შიშველ ქალს გულისხმობდნენ. მაგრამ აქამდე, მსოფლიოში არცერთ სურათს არ გამოუწვევია ისეთი სკანდალი, როგორც ”ოლიმპიამ” გამოიწვია. ფრანგებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო პაროდია ჯორჯონესა და ტიციანის ”ვენერებზე”, მიბაძვა გოიას მშვენიერ ”შიშველ მახაზე”. მანემ აიღო ”ვენერას” ტიპაჟი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალის იდეალად ითვლებოდა. დაამახინჯა, ურცხვი გამომეტყველება და თანამედროვე ქალის იერი მისცა მას. ფრანგები თვლიდნენ, რომ ეს იყო წარსული კულტურა და მათი დაცინვა, რადგან თხრობით სიუჟეტებს მიჩვეულმა ფრანგებმა, სხვა ვერაფერი ამოიკითხეს ამ ტილოში, გარდა აქცენტისა ქალის ”სიურცხვეზე”. სურათს არ ეყო ერთი და მეორე მცველი მიუჩინეს. ფრანგები ტროსტებითა და ქოლგებით ემუქრებოდნენ მას. მანეს ფოლანდიაში მოუწია წასვლა, რომ სკანდალისთვის თავი აეცილებინა. როცა სალონის დირექციამ დამთვალიერებლები ვერაფრით დააწყნარა, სურათი ჩამოხსნა და სადღაც ბოლო ოთახის კარის თავზე დაკიდა, საიდანაც ის ძნელად აღიქმებოდა.
მანე კი ვერაფრით ხვდებოდა რამ გააცოფა ასე ხალხი. მას მართლაც არანაირი კონკრეტული იდეა არ ჩაუდია ამ სურათში. მითუმეტეს წარსულის შეურაცყოფა აზრადაც არ მოსვლია. უბრალოდ დახატა თავისი ნატურა ვიქტორინა მერანი, ისეთი როგორიც იყო ის. მას აინტერესებდა გამოესახა ამ ქალის ტიპაჟი და შეექმნა კარგი ფერწერა. ამიტომაც წერს მხატვარი უფრო ცხოველხატულად და ეშხით თაიგულს, რომელიც ზანგ მოსამსახურეს უჭირავს ხელში, ვიდრე სხვა უფრო მთავარს. მოახლის კანის სიმუქეც შემთხვევითია, ვოდლერმა ურჩია ხატვისას, ისე გამოესახა მოახლე ქალი, რომ მაყურებელს ნაკლებად მოხვედროდა თვალში და წინა პლანზე ყოფილიყო აქცენტი. სახელი ”ოლიმპიაც” შემთხვევით აურჩევია მხატვარს (როგორც ამას კრიტიკოსი ლ. ვენტური წერს). მთავარი აქ მისთვის ფერწერული ვირტუოზობა და სახასიათო, რეალური ტიპაჟის შექმნა იყო. რამ აღაშფოთა მაშინ ასე საზოგადოება: სურათის უშინაარსობამ? მჟღერმა ფერებმა? თუ მანამდე არ ენახათ ქალი თამამი და ურცხვი გამომეტყველებით? ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერმა. მთავარი პრობლემა აქ მაინც იდეალების შებღალვაში იყო, მისი ნგრევა და რეალობის ცხვირთან მიტანა.
საუკუნეების განმავლობაში ამ ტიპის კომპოზიციების შექმნა, ხომ ეპოქის ქალის იდეალის შექმნას გულისხმობდა ჯორჯონესთან, ველასკესტან და სხვა მხატვრებთან. მანემ ისაზრდოვა ამ წარსულით, ოღონდ უფრო მოგვიანებით: ქალი არა როგორც ნაზი, უმანკო და მშვენიერები ამარა დარჩენილი არსება, არამედ ძლიერი, თავში დაჯერებული, საქმიანი, ფუფუნების მოყვარე . . . როგორც ჩანს, გენიოსები იბადებიან იმისთვის, რომ წინასწარ შექმნან სამომავლო და მერე სამარადისო ფასეულობები. რას იფიქრებდნენ პარიზელები, რომ ”ოლიმპია” ძველი ”ვენერების” შეურაწყოფისთვის კი არა, მათ ლოგიკურ გაგრძელებად, მათ გვერდში სადგომად იყო შექმნილი.
მხოლოდ მანეს გარდაცვალების შემდეგ, როცა 1889 წელს, ”საფრანგეთის დიდი რევოლუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა” მოეწყო, ვიღაც ამერიკელმა მოისურვა ”ოლიმპიას” შეძენა. კლოდ მონემ არ დაანება იგი მყიდველს და სთხოვა მანეს ქვრივს, რომ სახელმწიფოსთვის მიეყიდა სურათი. საფრანგეთს ეს სიამოვნება 20 000 ფრანკი დაუჯდა. სხვათაშორის ამავე წელს გაიხსნა პარიზში ”ეიფელის კოშკი”. ფრანგები ვერ იტანდნენ ამ 312მ ლითონის კონსტრუქციას და სატრიუმფო თაღის კარიკატურად მიიჩნევდნენ მას. თუ კი რემარკი ყოველ დღე ”ეიფელის კოშკზე” სადილობდა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც იგი არ ცანდა, დღეს ყველა ესწრაფვის მი ხილვას და აღფრთოვანებულია ”ეიფელის კოშკით”. სხვათაშორის ”ოლიმპიაც” ეკიდა ”ლუქსემბურგის სასახლის” ერთ ბნელ და ნესტიან ოთახში, მხოლოდ 1907 წელს გადაიტანეს იგი ლუვრში და დღემდე სიამაყით უყურებენ მას პარიზელები, ისე, რომ სულაც აღარ სურთ მათ ბებიებისა და ბაბუების განწყობის გახსენება ამ სურათის მიმართ.
ასეთი რამ შეიძლება ყველა ხალხს, ქვეყანას და ეპოქას დაემართოს. არსებობს რაღაც ფასეულობა რომლის დანახვასაც დროის დისტანცია სჭირდება. იქნებ არ ღირდეს ყველაფრის ასე ხელაღებით ლანძღვა. ”ვერ გავიგე” - არ ნიშნავს რომ ცუდია.
Tuesday, December 1, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment