რენესანსი იტალიაში ჩაისახა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა. იტალიურად.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადებას” ნიშნავს. ის ძირითადად XIV-XVI საუკუნეებს მოიცავს და ”აღორძინების” სახელითაცაა ცნობილი. მართლაც, შუასაუკუნეების ასკეტიზმის ფონზე, სადაც ადმიანები მთლიანად ორიენტირებულნი იყვნენ რელიგიაზე და ეკლესიაზე, მოხდა ანტიკური ტრადიციების აღორძინება. ანუ ამ პერიოდიდან ადამიანებმა გადაწყვიტეს რწმენისა და სულიერების პარალელურად მეტი ყურადღება დაეთმოთ მეცნიერებითვის, შემეცნებისთვისა და საკუთარი სხეულისთვის. იხსნება მრავალი უნივერსიტეტი (მაგ: პოლონეთში კრაკოვის უნივერსიტეტი 1364 წელი), ჩნდება მეცნიერების ცალკეული დარგები და სხვ. ის ცოდნა, რაც წარმართ ადამიანებს ჰქონდათ, შუასაუკუნეებში ერთგვარად დაიკარგა (მაგ: ადამიანის რეალურად გამოსახვის ან პორტრეტის გამოსახვის კულტურა), ამიტომ რენესანსის ეპოქის მხატვრები და მოქანდაკეები თავიდან იწყებენ ადამიანის სხეულის შესწავლას, რომ იგი რეალურად და რეალურ გარემოში გამოსახონ. სწორედ ამის გამოა, რომ სურათებში, სადაც ისევ და ისევ რელიგიურ თემებს ვხვდებით, ფორმები მოცულობითი და ხელშესახებია, ფონი კი ყოფითი სიუჟეტებით დატვირთული. (მაგ: ადრეული რენესანსის იტალიელი მხატვრის ფილიპო ლიპის სურათზე ”ღვთისმშობელი ყრმით” მარიამი და ყრმა ქრისტე ოთახის ინტერიერში არიან გამოსახულნი, მათ ფონზე კი ხარებისა და მარიამის მოლოგინების სცენებია წარმოდგენილი, რომლებიც ძალიან ყოფითი და ჟანრულია).
რენესანსი რამდენიმე ნაწილად იყოფა: პროტორენესანსი, ადრეული რენესანსი, მაღალი რენესანსი, გვიანი რენესანსი. ყველაზე დიდი ხელოვანები, რომელთა მსგავსი ტალანტები ალბათ დღემდე არ დაბადებულან, მაღალი რენესანსის პერიოდში (XV ს-ის ბოლო XVI ს-ის დასაწყისი) ქმნიან თავიანთ შედევრებს. მათ შორის გამოირჩევიან: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და რაფაელი. ცნობილია რაფაელის ”მადონების” სერია (ანუ ღვთისმშობლის გამოსახულებების სერია, რომელიც ყრმასთან ერთად ხან მღვიმეშია გამოსახული, ხან მწყერჩიტათი... მათ შორის ყველაზე ცნობილია ”სიქსტის მადონა”). მიქელანჯელო ძირითადად ცნობილია, როგორც მოქანდაკე (ქანდაკებების სერია: ”პიეტები”, იგივე ქრისტეს დატირებების სერია, ”მონები”... ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა ბიბილიური ”დავითი”)
ლეონარდო და ვინჩი - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. მამა - პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი - ყველზე ცნობილი ადამიანი იყო ფლორენციაში, ხოლო დედა - კატერინა, უბრალო გლეხი გახლდათ. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს, რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. ვაზარის ინფორმაციით (ჯორჯო ვაზარი - ამ პერიოდის ისტორიკოსი, რომელმაც შემოგვინახა რენესანსის ეპოქის იტალიელი მხავრების ბიოგრაფიები): ერთხელ მამას უთხოვია პატარა ლეონარდოსთვის მეგობრის ფარის მოხატვა. ლეონარდო რამდენიმე საათში გამოსულა ოთახიდან და უთქვამს, რომ ფარი უკვე მოეხატა. როდესაც სურათი ფარის პატრონმა იხილა, ის შეშინებული გამოვარდა ოთახიდან, სურათი იმდენად რეალისტური იყო, რომ უცხოს ნამდვილი ურჩხული ეგონა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარია. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო, სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე”. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა” და ფრესკა ”საიდუმლო სერობა”, რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთი კარის თავზეა დახატული. კომპოზიციაში არ ჩანს რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს. (სხვათაშორის ის კვეთდა უპატრონო გვამებსაც, რომ ადამიანის კუნთოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი შეესწავლა), ასევე მან იცოდა ე. წ. ”ჟესტების ენა”, რაც ოსტატურად გამოიყენა სურათის შექმნისას. ყველა მოწაფეს სხვადასხვა განცდა აღებეჭდება სახეზე და სხვადასხვა ჟესტით გამოირჩევა. მათი ჯგუფები რენესანსის ეპოქისათვის დამახასიათებელ სამკუთხედებს ქმნიან, ქრისტეს ფიგურა კი მარტოა ცენტრალურ სამკუთხედში მოთავსებული. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებოდა ზეთის საღებავი, ლეონარდომ ექსპერიმენტი ჩაატარა, ტემპერის საღებავში ზეთი და დამატებითი მინერალები გაურია, და ამ მასალით დახატა ფრესკა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ფრესკამ დაშლა დაიწყო, რამდენიმე რესტავრაციის შემდეგაც კი ვერ ხერხდება მისი შენარჩუნება.
და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” (გამოფენილია ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი) იგივე ”ჯოკონდას” (ეს ქალბატონი ჯოკონდოს მეუღლე იყო) პორტრეტი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა თეძოებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. ქურდმა ასეთი რამ თქვა სასამართლოზე: ჯოკონდა არის იტალიის საკუთრება და მე მინდოდა იგი იტალიაში დამებრუნებინა. ამის შემდეგ იტალიელებმა იგი ეროვნულ გმირად აღიარეს.
ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: ”თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა დაკვირვებით მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“
ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი და გააღიმა ის…“ (4 წელი ხატავდა). ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. შესაძლოა ლეონარდომ ისინი მოგვიანებით წაშალა, რომ პორტრეტზე ჩვეულებრივი ქალი არ ყოფილიყო გამოსახული და ის უფრო არაამქვეყნიურად წარმოედგინა მნახველს. წარბების არქონა, ჩრდილები თვალების კიდეებთან და არათანაბრად აწეული ბაგეების კიდეები (არაგულწრფელი ღიმილის ნიშანი) ჯოკონდას სახეს მედიდურს, მშვიდსა და ამბიციურს ხდიან, ის თითქოს ზემოდან უყურებს ყველას. სწორედ ამ შთაბეჭდილების ბრალი იყო, რომ სურათს რამდენჯერმე ესროლეს სხვადასხვა ნივთები, ზოგმა მისი გაჭრა მოიდომა, ზოგმა კი ულვაშების მიხატვა (მხატვარმა მარსელ დუშანმა, ჯოკონდას ასლს ულვაშები მიახატა და საკუთარ ქმნილებად გამოაცხადა).
ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, მის ჩანახატებში ვხვდებით ტანკის, ტყვიამფრქვევის, ველოსიპედის, თვითმფრინავის, თხილამურების და სხვ. ესკიზებს. ამ ნივთებს, რა თქმა უნდა, ისეთი სახეები არ აქვთ, როგორც დღეს, მაგრამ შინარსობრივი დატვირთვა ზუსტად იდენტური აქვთ.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. ვაზარის გადმოცემით, იგი სიკვდილის წინ ბოდიშს უხდიდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ისე ვერ დახატა, როგორიც იყო სინამდვილეში.
Tuesday, December 1, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment