***
მოიწყინა თოჯინამ, იქნებ კაბა არ მოწონს?
ქამარი ხომ არ უჭერს? აბა გადავამოწმო.
გუშინ შევუკერე და ლამაზია ძალიან,
თმაც კი დავარცხნილი აქვს, აბა რისი ბრალია?
არც ხმას იღებს, არც მღერის, არც მეძახის: ანაო!
არც ჩემი სიტყვა ესმის და არც იავ-ნანაო.
ვერც სხვა ბავშვმა გაართო, მოვუყვანე დაქალი,
მერე დედამ უყიდა ელემენტი ახალი.
რომ ჩაუდო ამღერდა, მორთო სტვენა, ყვირილი...
ელემენტის გულისთვის შეიძლება ტირილი?
***
ათხოვებენ კუს სპილოზე,
გაგონილა ასეთი,
ვინც ესენი დააწყვილა
ბრმა არის და თავხედი.
კუმ თქვა: ერთი ბეწო ვარ და
გამისკდება გულიო
ბოლოს მომიღებს მაგსთან
ყოველ დღე სიარულიო.
მელამ ყველა დაამშვიდა
მე მოვუვლი საქმესო
მეოჯახე კაცი არის
სპილო ტყეში აქესო,
თან გატარებს ზურგით ყველაგან
მაინც ნელა დადიხარ
ასეთ ბიჭებს რომ იწუნებ,
ამას როგორ ჩადიხარ.
ეხვეწება კუს: გაყევი,
მელა ლამის ატიდა,
- იცით, სპილო კუს სანაცვლოდ
თავის ეშვებს დამპირდა.
დაითანხმეს კუ როგორღაც
გაათხოვეს ძალითო,
ეს ამბავი პატარებო არ დამთავრდა ამითო.
უეშვებო სპილო დადის
კუსთან ერთად ტყეშიო
ერთი გზა აქვთ, ერთი სახლი,
ერთი ჭიქა-თეფშიო.
კუს ხორთუმით აბანავებს
და თმას უშრობს სუნთქვითო
ერთი ბეწო ცოლუკუნას
სულ ბავშვივით უვლისო.
კუც რაღაცა გახალისდა
დაფუსფუსებს ოჯახში,
წმინდავს, რეცხავს, აუთოვებს...
ფარდებს კიდებს ოთახში
ქმარს პერანგი მოუქსოვა,
დააკერა ღილუკა
და სულ იმას გაიძახის:
_ მიყვარს ჩემი სპილუკა.
***
მოიწყინა მერცხალმა, თბილ ქვეყნისკენ მიფრინავს,
უკვე ცხრა ცა, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიფრინა.
მზეს მისდევდა გზა და გზა, გუნდს ჩამორჩა რა ექნა
უნდოდა რომ წასვლამდე სიყვარული აეხსნა,
ბეღურასთვის რომელსაც არ აშინებს სიცივე
და ყინვაშიც პატარას ქურქი მოსავს იგივე.
მოერიდა მერცხალს, რომ ეთქვა მისთვის: მივდივარ!
ერჩივნა, რომ ეფიქრა: მე არ მცივა, დიდი ვარ.
და როცა მოეყიანა მაკრატელა კუდიო
ცემინება დაიწყო, გულმაც უგრძნო ცუდიო.
ბეღურასთან მივიდა, უთხრა: ჩემო ლამაზო,
არ მინდოდა გაფრენა მაგრამ დახე ამასო,
მოყინული კუდისკენ გაიშვირა ნისკარტი,
უთხრა: ისე მიყვარხარ როგორც შარშან მიყვარდი.
შეეცოდა ბეღურას, ჩაეხუტა ძალან,
ცოტა კი გაიპრანჭა, რა ქნას მაინც ქალია.
მერე დაემშვიდობა, ფრთები დაბლა დაუშვა
და მერცხალი სამხრეთით თავის ქურქით გაუშვა.
***
დათამ იპოვა სიზმარში დევის პატარა შვილიკო,
და მასთან ახლოს მიმსვლელი აბა სიზმარშიც ვინ იყო?
რადგანაც შემორჩენილა პრეისტორიულ ხანიდან
მოვუვლი და არ გადმოვსვამ არასდროს ჩემს მანქანიდან.
იფიქრა დათამ: წავიყვან, კარგი ვინმეა მომწონსო,
ვაჭმევ ფაფებს და მურაბებს, რძეს კი ბოთლიდან მოწოვსო.
დავმალავ არ შეაშინოს ჩემი დედა და მამიკო,
ზოგიერთ ბავშვს კი ვანახებ, იქნებ იმათმა გამიგონ.
და როცა ახლოს მივიდა, არ ვტყუი ვამბობ მართალსო,
მძინარეს გამოეღვიძა თავის ოთახში დათასო.
Thursday, January 27, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment