***
დამეკარგა ცუგა, კუდი მავთულს უგავს,
ცისფერი აქვს თვალი, პირში ედო ძვალი.
მომენატრა ისე... და არ ვიცი რა ვქნა,
მეჩვენება ზოგჯერ, რომ საერთოდ გაქრა.
გამეპარა უცებ, წკმუტუნა და ავი,
რომ უკბინოს ვინმეს მომეჭრება თავი.
თუ მომიყვანთ ცუგას და არ მეტყვით - ვერას!
ბევრ კამფეტებს მოგცემთ, მე და მამა ყველას.
ვარდს სიყვარული ეწვია
სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,
თქვი ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..
მოეფერე და ეკალმა თითი წითლად შეღება,
ოჰ, ასეთი ძნელი არის ყვავილებთან შეხება.
თუ ტკივილმა გაგიარა... მათქმევინე, მადროვე...
მომწყვიტე და წამიყვანე, შენს ლარნაკში დამტოვე.
****
მომილოცე და მაკოცე
გამო გარეთ ფიფქი ცვივა,
აჰა ქუდი, აქა ქურქი,
გაგიჟდები ისე ცივა.
მომილოცე თოვლი მოდის,
როგოც იქნა დადო თეთრად...
ვიგუდაოთ, ვისრიალოთ,
ავაშენოთ ბაბუ ერთად.
მოუხდება გირჩის ცხვირი
დავაფაროთ ვედრო ქუდად,
მზეო არ გამოანათო,
არ გაგვიხდეს ბაბუ ცუდად.
არ მოხვიდე გაზაფხულო,
მიყვარს როცა ფიფიქი ცვივა,
მერე რა რომ სულ დავსველდი,
მერე რა რომ ასე ცივა.
***
ჰოიზონტთან მთები ჩანს,
ცა-ჰორიზონტს იქითაც,
ტბა ისეთი ვიწროა
მგონი დალევს ჭიქითაც.
გვერდით ძველი ციხე დგას,
უჰ, რამდენი წელია...
ეს გზა მისკენ სავალი
რა შორს გაუწელიათ.
პაწაწინა ბილიკებს
ხან საყდრისკენ მიყავხარ
რა ლამაზი მხარეა
საქართველო მიყვარხარ.
***
თუ კი სადმე შევნიშნე
საპონი და წყალი
_ არ დამბანოთ!-ვყვირივარ,
დამეწვება თვალი.
თუ ბავშვებთან ვთამაშობ
ვყვირი: მომე ბუშტი,
სწრაფად დამემორჩილეთ,
რომ არ მოგხვდეთ მუშტი.
ნეტავ რატომ ვყვიროდი?
დამექნია ხელი,
ხმა ჩამიწყდა, გამიკრეს
თბილი კაშნით ყელი.
***
მზე პირს იბანს და წვეთებით სულ დასველდა საქანელა
აქეთ-იქით ისვრის შხეფებს, ვერ დაიბანს უფრო ნელა?
აღარ მიშვებს დედა გარეთ, ფანჯარასაც ვეღარ ვაღებ,
და გავყურებ ოთახიდან ცვრიან ქალაქს და სველ ბაღებს.
ცარიელი არის ეზო, არ ჩანს ნინი, ნიკა, ანა...
ვინ ასწავლა მზეს ამდენ ხანს წყალთან დგომა პირის ბანა?
აკი მითხრეს მზის გარეშე არ იქნება ცა და მიწა
მზე იმიტომ შეიქმნა, რომ გაახუროს დედამიწა.
ის კი იბანს და წვიმიდგან ჰაერს ცივა მიწა დნება
რა ცუდია, რომ ნათება ზაფხულობით ახსენდება.
***
ჩვენს საბავშვო ბაღში შემოვარდა ცუგა
ისე სწრაფად დარბის მიწა აადუღა.
დასდევს მასწავლებელი, საყვედურით ავსებს:
- საძაგელო, მოშორდი, არ უკბინო ბავშვებს.
რა სულელი ძაღლია, კითხვაც კი არ იცის
სულ იმისი ბრალია კართან რომ არ იცდის.
უცხო პირებისათვის გააკეთეს თაღი
დააწერეს ზემოდან ”ფისოების ბაღი”.
***
დათუნამ თქვა: სკაში თაფლი, მოილია აღარ არის,
ტყეში კენკრა ვერ ვიპოვე აიარია მთა და ბარი.
კუჭი მტკვივა შიმშილისგან, წამლებიც კი აღარ მშველის,
ვერღარ მართობს სტვენით ჭოტი და ცეკვებით კუ და შველი.
დავბერდი და ვერ ვმუშაობ, მიკანკალებს ხელები,
ნეტავ საით გაიკრიფნენ ჩემი დიდი ბელები?
ჩაალაგა ჩემოდანი, მათ საძებრად გასწია,
დაიღალა ცოტა ხანში ჩანთაც ვეღარ ასწია.
დასცინიან ჩიტუნები, ციყვი სულ თავს გავიდა
ტყით ნაწყენი დათუნია ცირკისაკენ წავიდა.
****
გიორგი ბაბუს ცელქი შვილიშვილი ჰყავსო,
სულ კალთაში უზის არ ანებებს თავსო,
ცხელზე ამბობს: - ცივია!
ცივზე ამბობს: - მწვავსო,
თუ საყვედურს ეტყვი ტირილს გააბამსო.
ბანაობა - ცუდია,
საქანელა - მაგარი...
კოვზით შეჭამს იმას, რასაც უნდა ჩანგალი.
ბაბუ ამბობს იცელქოს, ვენაცვალე მაგასო,
ოღონდ ეგ მიეჩვიეს გემრიელად ჭამასო.
ყველაფერს ყრის ფანჯრიდან, ან ძირს აგდებს ხმაურით,
მერე ცეკვას დაიწყებს: დიმპი-დიმპი ტაური...
ბაბუ ამ დროს ტაშს უკრავს, უხარია ძალიან,
მისი ფართე ღიმილი სულ ნინიას ბრალია.
***
ოთხის გავხდი, დილით ადრე მომილოცა ბებიამ,
შენისთანა კარგი ბავშვი არც კი დამსიზმრებია
დედამ მითხრა: მომილოცავს გაიზარდე დიდიო
მოვხუცდები და მაჩუქე შვილიშვილი შვიდო.
მამა მაგრა ჩამეხუტა, გამიღიმა ბაბუამ,
მომეფერნენ, სულ მიძახეს, ჭკვიანი და ღაბუა...
საჩუქრები დამირიგეს: ბურთი, სახლი, მანქანა
დათუნია რომ დავქოქე ისე დაიქაქანა
შევხტი, გული ამიჩქარდა, ამეტირა ძალიან,
რომ არ მკითხეს: რა გაჩუქოთ, სულ იმის ბრალია.
როგორ დავხვდე ახლა სტუმრებს, ცრემლიანი თვალებით?
აღარ მინდა ტორტის გაჭრა სახლში დავიმალები.
დამცინიან დეიდები: - პატარაა ისევო…
სათამაშოს შეძახილზე თვალებს ცრემლით ივსებსო.
- არაფერიც, სათამშოს ხმა მაშინებს კი არა,
ის მეწყინა შევეხე და როგორ დამიღრიალა?!.
***
სოფიკუნა ცუნცულა,
რატომ სცივათ წიწილებს
აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს.
- არაფერი დედკო, ვაბანვე სუყველა
ისეთ მტვერში იწვნენ, რომ ქაფმაც კი ვერ უშველა,
მერე ჟელე დავასხი, გავუხეხე ფეხები,
შენ ხომ იცი მიყვარან და რა ნაზად ვეხები.
ბაფთებიც კი შევაბი, ფრთებზე მუსი წავუსვი,
ასე გამოვპრანჭე და დედიკოსკენ გავუშვი.
ამ სულელმა კრუხმა კი ვეღარ იცნო შვილები
ჩემი დაწეპებული დააწიწკნა ღილები.
ჭუჭყიანი რომ დადის, სულ იმისი ბრალია,
კრუხი შენ აბანავე, მძიმე არის ძალიან.
***
კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში
დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში.
ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ იჯდებიან,
სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან.
კოდალამ უთხრა კენგურუს: კვალი გატყვია გარჯისო
ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გაივარჯიშონ.
რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო,
აგერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო.
ეწყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო:
შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო?
არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება,
მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაუცივდებათ.
Wednesday, November 17, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment